სწორი მოტივაცია – თანამედროვე მენეჯმენტის საფუძველი

რაში გამოიხატება ე.წ. სწორი მოტივაცია და რატომ არის ის თანამედროვე მენეჯმენტის საფუძველი? ამ კითხვებს, ყველაზე დასაბუთებულად პასუხობს პოზიტიური ფსიქოლოგია, კერძოდ კი, ამერიკელი ფსიქოლოგის, მიჰაი ჩიკსენთმიჰაის თეორია „დინება“ (The Flow, by Mihaly Csikszentmihalyi), რომელიც კარგა ხანია თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გახდა განვითარებულ ქვეყნებში.

რამოდენიმე წარმატებული ქართული კომპანია იყენებს ამ მოდელს, და არ არის ორიენტირებული მხოლოდ ე.წ. დაშინების მეთოდებზე – „გაგაგდებ სამსახურიდან“, „ხელფასს დაგიქვითავ“, „დაგაქვეითებ“ და სხვ.

თეორია – დინება (FLOW)

1990-იან წლებში, მიჰაი ჩიკსენთმიჰაიმ ჩაატარა კვლევა, რომლის არსი მდგომარეობდა შემდეგში: თითქმის ყველა სფეროს წარმატებულ ადამიანს (კომპოზიტორებს, მწერლებს, პოეტებს, ბიზნესმენებს, დიზაინერებს, ექიმებს, სპორტსმენებს, ბერ-მონაზვნებს და ა.შ) დაურიგეს პეიჯერები. იმ დროს, მობილური ტელეფონი და მითუმეტეს, სმარტფონი არ იყო გამოგონილი. ყველა ამ წარმატებულ ადამიანს, გარკვეული პერიოდულობით, პეიჯერით უნდა მოეწერა თუ რას საქმიანობდა და რას გრძნობდა საქმის კეთების პროცესში.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა სამი მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება ადამიანი იმყოფებოდეს ყველაზე ხშირად: 1.პანიკა; 2.მოწყენილობა; 3.დინება. ქვემოთ მოცემული სურათი არის ამ თეორიის ილუსტრაცია. კერძოდ:

ჰორიზონტალურ ღერძზე გადაზომილია ცოდნა, ხოლო ვერტიკალურზე ამოცანები. თუ ადამიანს მუდმივად რთული ამოცანები აქვს შესასრულებელი და არ აქვს საკმარისი ცოდნა, მაშინ ის იმყოფება პირველ მდგომარეობაში (1 პანიკა). თუ ადამიანს აქვს მაღალი ცოდნა და მუდმივად იოლ ამოცანებს ასრულებს, მაშინ ის იმყოფება მეორე მდგომარეობაში (2 მოწყენილობა). ხოლო, თუ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მუდმივად თავისი ცოდნის შესაბამისი სირთულის ამოცანებზე იმუშაოს, მაშინ ის იმყოფება მესამე მდგომარეობაში (3 დინება).

თანამედროვე მენეჯმენტი
მიჰაი ჩიქსენთმიჰაის თეორია  „დინება“ – თანამედროვე მენეჯმენტის საფუძველი. ამ თეორიას ეფუძნება Apple-ის, Microsoft-ის, SONY-ის მენეჯმენტი.

ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს მაშინ, როდესაც მესამე მდგომარეობაშია. ამ დროს ის აკეთებს თავის საყვარელ საქმეს ისე, რომ ავიწყდება შიმშილისა და ძილის გრძნობაც კი. უფრო კონკრეტულად, კვლევაში მონაწილე კომპოზიტორი წერდა, რომ „ჩემი ხელი თითქოს თავისით წერს მელოდიას, რომელიც აქამდე არ არსებობდა ბუნებაში, ნოტები თავისით მოედინებიან“. პოეტი წერდა, რომ „რითმები თავისით მოედინება“. ბიზნესმენი წერდა, რომ „იდეები თავისით მოედინებიან და ა.შ.

როგორც ვნახეთ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი აღწერს თითქმის ერთსა და იმავე სპონტანური დინების პროცესს. სწორედ ამიტომ, საყვარელი საქმის კეთების პროცესს, როდესაც ადამიანი თავს გრძნობს იმდენად ბედნიერად, რომ ავიწყდება შიმშილის გრძნობა და ძილი, პოზიტიურ ფსიქოლოგიაში უწოდეს –  The Flow (ქართულად  – დინება, ნაკადი).

იმისათვის, რომ თეორიის არსი ქართულად კარგად გასაგები ყოფილიყო, მართვის აკადემიის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ამ მდგომარეობას „მუღამი“ უწოდა. ანუ, როდესაც ვამბობთ „ადამიანი დინებაშია“, ეს იგივენაირად უნდა გავიგოთ, როგორც – „ადამიანი მუღამშია“, ან „ადამიანი რაღაცის კეთების მუღამშია“.

თანამედროვე მენეჯმენტის საფუძველი

პოზიტიური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები გვირჩევენ, რომ ადამიანი უნდა ცდილობდეს თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატაროს „რაღაცის კეთების მუღამში“ – დინების მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, მენეჯერი უნდა ცდილობდეს თანამშრომელი რაც შეიძლება ხშირად ამყოფოს დინების სექტორში.

ქვემოთ მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა უნდა გააკეთოს კარგმა მენეჯერმა, რათა თანამშრომლები იყვნენ მუდმივად მოტივირებულები:

1. თუ თანამშრომელი პანიკაშია

კარგმა მენეჯერმა პანიკის მდგომარეობაში მყოფი თანამშრომელი უნდა გააგზავნოს ტრენინგზე, სადაც ის შეძლებს რთული ამოცანის შესასრულებლად საჭირო ცოდნის მიღებას (იხ. სურათი, პანიკის სექტორი). პანიკაში მყოფი თანამშრომელი აიმაღლებს რა ცოდნას, გადაინაცვლებს მარჯვნივ, დინების/Flow  სექტორისკენ.

2. თუ თანამშრომელი მოწყენილია

კარგმა მენეჯერმა მოწყენილ თანამშრომელს უნდა დაავალოს მისი ცოდნის შესაბამისი ამოცანები (იხ. ფოტო, მოწყენილობის სექტორი). მოწყენილი თანამშრომელი, დაიწყებს რა თავისი ცოდნის შესაბამის ამოცანაზე მუშაობას, აიწევს მაღლა, დინების/Flow  სექტორისკენ.

3. თუ თანამშრომელი დინებაშია

ამ დროს ის ბედნიერია. კარგმა მენეჯერმა სწორედ დინების სექტორში მყოფ თანამშრომელს უნდა მისცეს ფულადი პრემია, ან სხვა სახის წახალისება (იხ. სურათი, დინების სექტორი). დინებაში მყოფ თანამშრომელს მიეცემა სტიმული კვლავ დარჩეს ამ სექტორში, აიმაღლოს ცოდნა და აკეთოს რთული ამოცანები.

წახალისება-მოტივაციის ასეთი მოდელი ყველა მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უბიძგებს დინების სექტორისკენ, სადაც ის თავს გრძნობს ყველაზე ბედნიერად.

სწორედ ეს მეთოდი ითვლება თანამედროვე მენეჯმენტის საფუძვლად. თეორია „დინება“ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რეფერირებადი (გამოყენებადი) ნაშრომი მსოფლიოში. 2004 წელს, თავად ავტორმა გააკეთა მისი პრეზენტაცია TED.COM – ზე, რომელსაც ამ დროისთვის 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ამ თეორიაზეა დაფუძნებული Apple-ის, Microsoft-ის, Sony-ის მენეჯმენტი.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).