როგორ დავიწყო ბიზნესი – 3 რჩევა მარკ ცუკერბერგისაგან

როგორ დავიწყო ბიზნესი – ეს არის კითხვა, რომელიც ბევრ ადამიანს აწუხებს. Facebook-ის დამფუძნებლის – მარკ ცუკერბერგის ეს 3 რჩევა დაგეხმარება თავიდანვე სწორად წარმართო შენი ბიზნეს-საქმიანობა.

რჩევა 1. სწორად შეარჩიე ბიზნეს იდეა

იმისათვის, რომ მიხვდე სწორად შეარჩიე თუ არა იდეა, დადებითად უნდა პასუხობდე ამ სამი შეკითხვიდან ერთ-ერთს მაინც:

  1. შენი მომავალი ბიზნესი ამარტივებს (ახალისებს ან ავითარებს) ადამიანების ცხოვრებას?
  2. შენი მომავალი ბიზნესი უკავშირდება შენს საყვარელ საქმიანობას?
  3. შენი მომავალი ბიზნესი დიდ შემოსავალს მოგიტანს მოკლე დროში?

ცხოვრებაში წარმატებისთვის „შემთხვევით“ არავის არ მიუღწევია. გახსოვდეს! ნებისმიერი წარმატება სწორად შერჩეული ბიზნეს იდეის შედეგია, რომელიც ოდესღაც ვიღაც რაციონალურმა ადამიანმა მოიფიქრა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: კარგი იდეა არის ის რომელიც შეიძლება ასე გამოითქვას – „ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და მე პირველი ვიქნები“. თუმცა, ორიგინალური იდეა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი მომგებიანი ბიზნესის ასაშენებლად.

რჩევა 2. გამოსცადე ბიზნეს იდეა პრაქტიკაში

რაც არ უნდა კარგად გათვალო ბიზნეს იდეის დეტალები, აუცლებელია მისი რეალურ ცხოვრებაში გამოცდა. იდეის გამოცდის ორი გზა არსებობს:

  1. იდეის შეფასებისთვის მოიწვიე დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც არ არიან შენი მეგობრები ან ნათესავები. ასეთ ექსპერტთა შეფასებები დაგეხმარებათ ობიექტურად შეხედოთ თქვენს პროექტს და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოთ მისი სრულყოფა;
  2. დაამზადე შენი პროდუქტის საცდელი ვერსია და გახადე ის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი. ამ გზით შენ გეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პირადად შეამოწმო მომხმარებლის რეაქცია. კერძოდ, ნახულობენ თუ არა შენს პროდუქტს, სჭირდებათ თუ არა, აინტერესებთ თუ არა, რაიმეს შეცვლა-გაუმჯობესებას ხომ არ ისურვებდნენ და ა.შ.

ამ ვარიანტების გამოყენება მოგცემს საშუალებას, შენი ბიზნესის კომერციული პერსპექტივები წარმოიდგინო უფრო რეალურად და გახადო ის კიდევ უფრო სრულყოფილი.

რჩევა 3. საწყისი ხარჯები განიხილე როგორც ინვესტიცია თვითგანათლებაში

შესაძლოა ფიქრობ, რომ კარგი პროგრამისტი, ფოტოგრაფი ან სპეციალისტი ხარ იმ საქმეში, რასაც შენი ბიზნესი ემსახურება. მაგრამ ეს საკმარისი არ არის! თავიდანვე განსაზღვრე თანხა, რის ჩადებასაც აპირებ წამოწყებულ საქმეში. ამასთან, ეს თანხა ჩათვალე არა საინვესტიციო დაბანდებად, არამედ „სწავლის ფულად“. მართლაც, შენ ხომ აქამდე არ გაგიკეთებია ბიზნესი, საიდან გეცოდინება იმუშავებს თუ არა შენი გადაწყვეტილებები? სწორედ ასეთი მიდგომა მოგცემს საშუალებას საჭირო დროს მიიღო ეფექტური გადაწყვეტილებები.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).