SEPdefinition: აუთსორსინგი / OUTSOURCING

აუთსორსინგი გულისხმობს ორგანიზაციის მიერ გარკვეული საქმიანობის გადაცემას სპეციალიზებული კომპანიებისათვის. ასეთი შეიძლება იყოს საქმიანობა (მაგ: IT, PR, HR…), რომელიც არ წარმოადგენს ამ ორგანიზაციის უშუალო დანიშნულებას.

ზოგადად, აუთსორსინგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი საქმიანობის დროებით განხორციელების მიზნით, თუმცა ქვემოთ განვიხილავთ აუთსორსინგის ყველაზე გავრცელებულ შემთხვევას – IT–აუთსორსინგი.

მაგალითად, საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის ძირითადი საქმიანობა არ არის კომპიუტერული და ინტერნეტ ტექნოლოგიები, ვებგვერდის დასამზადებლად, დროებით ქირაობს IT სპეციალისტს. ასეთი მიდგომა ორგანიზაციას აცილებს მისთვის არაპრიორიტეტულ მიმართულებებში მუდმივი ინვესტირების საჭიროებას, უმცირებს პირდაპირ და ირიბ დანახარჯებს, მათ შორის საგადასახადო ხარჯებს.

IT–აუთსორსინგი – ეს არის შემკვეთი ორგანიზაციის მიერ საინფორმაციო სისტემებთან (მათ ორგანიზებასთან, ექსპლუატაციასთან, განვითარებასთან და სხვ.) ასე თუ ისე დაკავშირებული ზოგიერთი ან ყველა საწარმოო ფუნქციების გადაცემა სპეციალიზებული კომპანიისათვის, რომელიც შეასრულებს ყველა ამ ფუნქციას, ისე, როგორც შეასრულებდა მას შემკვეთი ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი IT–განყოფილება. ყველა საწარმოო IT–ფუნქციების გადაცემის შემთხვევაში ამას ეწოდება სრული IT–აუთსორსინგი.

საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ორგანიზაციებს აყენებს მძლავრი IT–სტრუქტურების ჩამოყალიბების აუცილებლობის წინაშე, რაც დიდ ხარჯებსა და ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კვალიფიცირებული სპეციალისტების შტატების უქონლობის ან ამ სტრუქტურის არასაკმარისი სიმძლავრის გამო, ორგანიზაციისათვის შეუძლებელი იქნება ყველა სიახლეების კურსში ყოფნა და მათი დროული დანერგვა, რაც თავისთავად იწვევს გაუმართლებელ ხარჯებს.

საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ორგანიზაციებისათვის უფრო ხელსაყრელია კვალიფიცირებული სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სპეციალიზებულ კომპანიებთან თანამშრომლობა, ვიდრე სრული (საკმარისი) სიმძლავრის IT–ინფრასტრუქტურის თავის რიგებში ჩამოყალიბება და შემდგომ მისი უზრუნველყოფა.

მოკლედ, აუთსორსინგი არის ორგანიზაციის აქტივების ოპტიმიზებული განაწილება – საკმარისია გადაწყდეს ერთადერთი პრობლემა (მაგალითად ვებგვერდის დამზადება), ურთიერთობა ან წყდება, ან შესაძლოა გარკვეული დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ (ან მის გარეშე, კეთილი ნების გამოვლენის საფუძველზე), IT-სპეციალისტმა თავის თავზე აიღოს,  ვებგვერდის პერიოდული მონიტორინგი.

წყარო: როდის არის საჭირო IT–აუთსორსინგი

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).