ბლოგ პოსტის (ინტერნეტ-სტატიის) შინაარსი უნდა იყოს ერთდროულად სასარგებლოც და იოლად გასაგებიც. სწორედ სასარგებლო და იოლად საკითხავი კონტენტი (შინაარსი) „აიძულებს“ მკითხველს ბოლომდე წაიკითხოს შენი სტატია. გარდა ამისა, ხარისხიანი ბლოგ პოსტი აღძრავს შენი სხვა პოსტების წაკითხვის სურვილსაც.
მოცემული რჩევები დაგეხმარება საინტერესო კონტენტის შექმნაში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოთხოვნას შენს ბლოგ პოსტებზე.
1. შეარჩიე ეფექტური მთავარი სურათი
მთავარი სურათით მკითხველი უცებ უნდა მიხვდეს თუ რის შესახებაა შენი სტატია. სასურველია მთავარი სურათი გადმოსცემდეს ბლოგ პოსტის შინაარსს. თუ პოსტი წარმოადგენს რომელიმე ცნობილი ადამანის რჩევებს, შესაძლებელია მთავარ სურათად გამოიყენოთ ამ ადამიანის ფოტო. მთავარი სურათის არჩევას მიუდექით შემოქმედებითად.
მოერიდეთ უხარისხო ან არასერიოზული ფოტოების გამოყენებას. გახსოვდეთ, მთავარი სურათი ფასადია, კარივითაა, რომელმაც უნდა მოანდომოს მკითხველს ბლოგზე „შემოსვლა“ (ბლოგ პოსტის წაკითხვა). თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მკითხველს უნდა დახვდეს არა მხოლოდ ფასადი, არამედ რეალურად ხარისხიანი ბლოგ პოსტი.
2. მოიფიქრე ეფექტური სათაური
ბლოგ პოსტის სათაური უნდა ავსებდეს მთავარ სურათს და კიდევ უფრო ანდომებდეს მკითხველს კონტენტის წაკითხვას. მკითხველმა სათაურიდანვე უნდა დაინახოს სარგებელი, თუ რას შემატებს მას შენი ბლოგ პოსტი. სასურველია სათაური შედგებოდეს 7-8 სიტყვისაგან (მაქსიმუმ 70 სიმბოლო), საიდანაც 1-3 იქნება საკვანძო სიტყვა (keyword).
მაგალითად, ამ ბლოგ პოსტის სათაურში საკვანძო სიტყვებია „ხარისხიანი ბლოგ პოსტი“. სიტყვების რაოდენობისა და სიმბოლოების ავტომატურად დასათვლელად ისარგებლეთ ვებ-ინსტრუმენტით – www.wordcounter.net.
3. გამოკვეთე სარგებელი პირველ აბზაცში
აუცილებელია პირველსავე აბზაცში გაარკვიო მკითხველი, თუ რატომ უნდა წაიკითხოს შენი სტატია. ხშირად, პირველ აბზაცს მკითხველი ხედავს ბლოგ პოსტზე გადმოსვლამდეც. შესაბამისად, თუ ეს აბზაცი უინტერესოა, დიდი ალბათობით, მკითხველი ბოლომდე აღარც წაიკითხავს შენს ბლოგ პოსტს. წარმოიდგინე, რომ მთავარი სურათი, სათაური და პირველი აბზაცი არის შენი ბლოგ პოსტის საუკეთესო რეკლამა.
ასეთი მიდგომა დაგეხმარება თავიდანვე სწორი მიმართულებით წაიყვანო მკითხველი. კარგი იქნება, თუ სათაურში ნახსენებ საკვანძო სიტყვას (keyword-ს) ერთხელ მაინც ახსენებ პირველ აბზაცში.
4. გინდა შექმნა ხარისხიანი ბლოგ პოსტი? მაშინ მოაწესრიგე კონტენტი
ყველა ღონე იხმარე, რათა კონტენტის ხარისხი არა მხოლოდ ამართლებდეს, არამედ აჭარბებდეს მკითხველის მოლოდინს. კონტენტი არის ბლოგ პოსტის ძირითადი შინაარსი. კერძოდ, თუ მთავარი სურათი, სათაური და პირველი აბზაცი არის რეკლამა, კონტენტი არის სწორედ ის პროდუქტი, რომელსაც „არეკლამებ“.
კონტენტის მოწესრიგებაში დაგეხმარება მე-4 სურათი და მასში აღნიშნული რჩევების დეტალური განმარტებები (მე-5 – მე-10 რჩევები).
5. კონცენტრირდი მიზნობრივ აუდიტორიაზე
თუ შენი ბლოგ პოსტი განკუთვნილია მოზარდებისთვის, მაშინ ერიდე სპეციალური ტერმინების გამოყენებას. თუ სტატია განკუთვნილია მეცნიერთათვის, მაშინ შესაძლებელია რთული ტერმინების გამოყენებაც.
სხვა შემთხვევაში დაიცავი ოქროს შუალედი – არ გამოიყენო ძალიან ბევრი ტერმინი, და ნურც ისე იზამ, რომ ხარისხიანი ბლოგ პოსტი არაკომპეტენტურად გამოიყურებოდეს.
6. გამოიყენე მკაფიოდ გასაგები აბზაცები
ბლოგ პოსტი დაყავით აბზაცებად. თითოეული აბზაცი დაიწყეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებით, რომელშიც გადმოცემულია აბზაცის მთავარი აზრი. მომდევნო წინადადებებით დააზუსტეთ ეს მთავარი აზრი.
ასეთი მიდგომით მკითხველი შეძლებს სტატიის შინაარსის გაგებას მხოლოდ თითოეული აბზაცის პირველი წინადადებების წაკითხვით. სასურველია თითო აბზაცი შედგებოდეს 5-6 წინადადებისაგან. სწორედ ასეთი დეტალებისაგან იქმნება რეალურად ხარისხიანი ბლოგ პოსტი.
7. გამოიყენე მოკლე წინადადებები
წერე მოკლე წინადადებებით, რადგან მოკლე წინადადება გაცილებით სასიამოვნო წასაკითხი და იოლად გასაგებია ვიდრე გრძელი. გარდა ამისა, მოკლე წინადადებაში ნაკლებ გრამატიკულ შეცდომებს დაუშვებ. მოკლეა წინადადება თუ ის შედგება მაქსიმუმ 20 სიტყვისაგან. უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია აბზაცი შეიცავდეს ერთ გრძელ წინადადებას. თუმცა, უმჯობესია აზრი გადმოსცეთ 2-3 მოკლე წინადადებით, ვიდრე ერთი გრძელი წინადადებით. წინადადების სიგრძის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ მე-7 ფოტოზე გამოსახული ვებ-ინსტრუმენტი –www.hemingwayapp.com:
თუ გინდათ შექმნათ ნამდვილად ხარისხიანი ბლოგ პოსტი, გამოიყენეთ ფოტოზე აღნიშნული ვებ-ინსტრუმენტი. ჩასვით თქვენს მიერ მომზადებული ტექსტი სპეციალურ ადგილზე. აპლიკაცია ავტომატურად გააყვითლებს გრძელ, ხოლო გააწითლებს ძალიან გრძელ წინადადებებს (როგორც ეს მე-7 სურათზეა ნაჩვენები). ტექსტის რედაქტირებას შეძლებთ იქვე. თუ ინგლისურ სტატიას წერთ, მაშინ აპლიკაცია კიდევ უფრო დაგეხმარებათ, რასაც მისი ინსტრუქციითაც იოლად მიხვდებით.
8. შეზღუდე რთული სიტყვები
შეამცირე ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც რთულად იკითხება. სიტყვა, რომელიც შეიცავს ოთხზე მეტ მარცვალს, ითვლება რთულად წასაკითხად. მართალია 100%-ით თავს ვერ ავარიდებთ რთული სიტყვების გამოყენებას, თუმცა უმჯობესია თუ შევზღუდავთ მათ. მაგალითად, ამ აბზაცში ორჯერ გამოვიყენეთ 5 მარცვლიანი სიტყვა „გამოყენება“, თუმცა შეგვეძლო მისი ჩანაცვლება 3 მარცვლიანი სიტყვით „ხმარება“.
9. გამოიყენე დამაკავშირებელი სიტყვები
ტექსტი უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი ხდება როდესაც საჭირო ადგილზე ვიყენებთ დამაკავშირებელ (სასიგნალო) სიტყვებს. ასეთი სიტყვების მაგალითებია – „ასევე“, „ამრიგად“, „იმიტომ, რომ“, „გარდა ამისა“, „პირველ რიგში“, „შეიძლება ითქვას, რომ“, „ვინაიდან“ „სწორედ“, „კერძოდ“ და სხვა მსგავსი სიტყვები.
სასიგნალო სიტყვა მიმართულებას აძლევს მკითხველს, ეუბნება მას, რომ „აი ახლა რაღაც საინტერესო მოხდება“. ამ სიტყვების დახმარებით ტექსტი უფრო ბუნებრივი, ლოგიკური და იოლად გასაგები ხდება.
10. დასრულებული ხარისხიანი ბლოგ პოსტი გადაიკითხე „მკითხველის თვალით“
სასურველია ბლოგ პოსტი არ გამოაქვეყნო დასრულებისთანავე. მოსცილდი მას რამოდენიმე საათით. ეს საშუალებას მოგცემს გამოქვეყნებამდე წაიკითხო საკუთარი სტატია „მკითხველის თვალით“. გახსოვდეს, რომ შენს მიერ შექმნილი ბლოგ პოსტები თავს იყრის შენსავე ბლოგზე. თუ ისინი არ არის ხარიხიანი, დროთა განმავლობაში შენი რეპუტაცია დაეცემა და დაკარგავ მკითხველს.
რა თქმა უნდა ყველა ბლოგერს სურს შექმნას ხარისხიანი ბლოგ პოსტი და დაუყოვნებლივ მიიღოს შეფასება. თუმცა, ჩვენი რჩევა იქნება არ გაება ამ მახეში, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები ბლოგერი ხარ!!!
ეს წესი წარმოადგენს საკუთარი საქმიანობის ერთგვარ მონიტორინგს (კონტროლს). სწორედ ეს რჩევა დაგეხმარება იზრუნო საკუთარ რეპუტაციაზე. შესაბამისად, დროთა განმავლობაში შენი საქმიანობა გადაიქცევა მკითხველისთვის საყვარელ და სასარგებლო ბლოგად, ვებ-გვერდად და ა.შ.
P.S. დაიმახსოვრე!
- თუ მარტო სარგებლის გამოკვეთაზე იზრუნებ და კონტენტის ხარისხზე არა, მოიზიდავ მკითხველს, რომელიც იმედგაცრუებული დარჩება. ის ვერ მიიღებს სარგებელს, რასაც პირველ აბზაცში დაპირდი და აღარ წაიკითხავს შენს ბლოგ პოსტებს;
- თუ მარტო კონტენტის ხარისხზე იზრუნებ და სარგებელს არ გამოკვეთავ, არავინ არ დაინტერესდება ბლოგ პოსტით. თუ მკითხველი დასაწყისში ვერ მიხვდა რა სარგებელს მოუტანს თქვენი სტატია, უბრალოდ აღარ გააგრძელებს კითხვას;
- სარგებლის გამოკვეთასა (პირველ აბზაცსა) და კონტენტის ხარისხზე თანაბრად უნდა იზრუნო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიქმნება ხარისხიანი ბლოგ პოსტი და მოიზიდავ უამრავ მკითხველს მათ წასაკითხად.