SEPtips: ზედმეტი დაკავებულობით შენიღბული სიზარმაცე

დასაქმებული ადამიანები ხშირად ძალიან ზარმაცები არიან. მოგვისმენია ბიზნესმენის შესახებ, რომელიც მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ ფული გამოემუშავებინა. ის ბევრს მუშაობს, რომ ოჯახი მაღალ დონეზე უზრუნველყოს, დიდი დროს ატარებს ოფისში, სახლშიც უამრავი სამუშაო დააქვს, მაგრამ ერთხელ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს სახლი ცარიელი დახვდება. მისი ცოლი ბავშვებთან ერთად სახლიდან წავიდა, მან იცოდა, რომ ცოლთან პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მათი მოგვარების ნაცვლად ბიზნესმენი სულ უფრო და უფრო ბევრ დროს ანდომებდა საქმეებს. ახლა ის სასოწარკვეთილი და დამცირებულია. ხშირად ვხვდებით ზედმეტად დაკავებულ ადამიანებს. მათ არ სცალიათ თავიანთ სიმდიდრეზე იფიქრონ, არ აქვთ დრო ჯანმრთელობაზე იფიქრონ. მიზეზი ერთია – ისინი ძალიან დაკავებულები არიან. დაკავებულობა მათ იმის საშუალებას აძლევთ, რომ თავი აარიდონ იმას, რისი გაკეთებაც არ სურთ. მათ არ სურთ გააცნობიერონ რა ხდება, თუმცა გულის სიღრმეში ყველაფერი შესანიშნავად ესმით და თუ გადაუკრავთ რომ რაღაც ჰქონდათ გასაკეთებელი, მთელ მრისხანებას თავზე დაგატეხავენ.

თუ ადამიანები სამსახურით ან ბავშვებით არ არიან დაკავებული, ტელეგადაცემებით, თევზაობით, გოლფის თამაშით მაინც არიან. გულის სიღრმეში მათაც შესანიშნავად იციან, რომ რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთებისაგან თავს იკავებენ. სწორედ ეს არის სიზარმაცის განვითარებული ფორმა – ზედმეტი დაკავებულობით შენიღბული სიზარმაცე.   მისი საწინააღმდეგო საშუალებაა – მცირე სიხარბე. თუ თქვენი გაზარმაცებული გონება ამბობს: „როგორ შემიძლია თავს ამის ნება მივცე?“ ჩვენს შიგნით ნამდვილი ომი იწყება, თუ თქვენი გონება ასე ამბობს და ის იძულებულია საკუთარი სიცრუე დაიცვას, სული მწარდება, ბრაზობს და ყვირის: „გაინძერი, მოდი სავარჯიშო დარბაზში წავიდეთ, წავივარჯიშოთ“, ხოლო ზარმაცი გონება ამბობს: „მაგრამ მე დავიღალე, მე დღეს ბევრი ვიმუშავე“. ან კიდევ, ადამიანის სული ამბობს: „დამღალა სიღარიბემ, წავიდეთ გავმდიდრდეთ“, რასაც ზარმაცი გონება პასუხობს: „მდიდრები – ხარბები არიან;  რამდენი საზრუნავი მაქვს; ეს უხიფათო არ არის; შესაძლებელია მთელი ფული დაკარგო;  ამის გარშეც ყველაფერს ვაკეთებ; სამსახურში უამრავი საქმე მაქვს; ნახე საღამოს, რამდენი საქმე მაქვს გასაკეთებელი…“ და ასე შემდეგ.

სიტყვები „მე არ შემიძლია თავს ამის ნება მივცე“ –  ნაღველს, უსასოობას, სულიერ დეპრესიას და აპათიას იწვევს;  ხოლო სიტყვები – „როგორ უნდა მივცე თავს ამის ნება“ – კი შესაძლებლობას, ოცნებას და აღიარებას უხსნის გზას, ეს სიტყვები აწრთობს სულს და გონებას.

ადამიანის ქვეცნობიერში ბავშვობიდანვე ზის სიტყვები: „შენ არ შეგიძლია ამის ყიდვა“ ან „შენ ამის უფლებას თავს ვერასდროს მისცემ“. სიზარმაცის წინააღმდეგ  ბრძოლისათვის გაეცით შემდეგ კითხვებს პასუხი:

1. რას მივიღებ თუ ჯანმრთელი და მომხიბვლელი ვიქნები?

2. როგორი იქნება ჩემი ცხოვრება თუ არასდროს დამჭირდება მუშაობა?

3. რას გავაკეთებდი იმდენი ფული რომ მქონოდა, რამდენსაც მოვისურვებდი?“

წინსვლა, სწორედ მცირე სიხარბით იწყება, სურვილით, რაღაც უკეთესი გქონდეს.

სამყარო იმიტომაც ვითარდება, რომ ყველა ჩვენგანი უკეთესი ცხოვრებისაკენ მიისწრაფვის; ახალი გამოგონებები იმიტომ ხდება, რომ უკეთესობისაკენ მივისწრაფვით; სკოლაში, კოლეჯში ბეჯითად იმიტომ ვსწავლობთ, რომ უკეთესად გვინდა ვიცხოვროთ. არ გინდათ რაიმეს გაკეთება? გაურბიხართ მას? დაუსვით საკუთარ თავს ერთი კითხვა: „რას მივიღებ აქედან?

იყავით ოდნავ ხარბი – ეს სიზარმაცის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო მეთოდია.

წყარო:  რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).