მოდა ის სფეროა, რომელიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი, ასე თუ ისე არ იყოს დამოკიდებული მოდაზე. მოდა ძალიან სწრაფად იცვლება – მოდის სახლები წელიწადში რამდენჯერმე აწყობენ საკუთარი კოლექციების ჩვენებას, ყველა თავის იდეას გვკარნახობს და ამ იდეასაც სწრაფად ცვლის. ძნელია ფეხი აუწყო დღევანდელ მოდას.
არსებობს ნივთები, სამოსი და აქსესუარები, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას. მათი წყალობით შეგიძლიათ ყოველთვის ელეგანტურად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ. ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სამოსია პატარა შავი კაბა.
ეს უნიკალური ტანსაცმელი კოკო შანელმა 1926 წელს შექმნა, თავისი გარდაცვლილი საყვარელი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად. მანამდე გლოვასთან ასოცირებული შავი ფერი დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, შანელის მოდელმა კი მალე მიიქცია ყურადღება. კაბა ძალიან სადა იყო, ზედმეტი დეტალების გარეშე. პირველ შავ კაბას არცთუ ღრმა დეკოლტე, გრძელი სახელოები და დაბალი წელი ჰქონდა, სიგრძით კი მუხლს ფარავდა, რადგან მუხლი, კოკო შანელს ქალის სხეულის ყველაზე უშნო ნაწილად მიაჩნდა. შავი კაბის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარიანტია იუბერ ჟივანშის შექმნილი მოდელი, რომელიც ოდრი ჰეპბერნის გმირს აცვია ფილმში „საუზმე ტიფანისთან“.
როდესაც ასეთ კაბას ყიდულობთ, უპირატესობა მიანიჭეთ სადა მოდელებს, რათა მეტი ვარიაციის საშუალება გქონდეთ. პატარა შავი კაბა ნამდვილად უნივერსალური ნივთია ნებისმიერი ქალის გარდერობში.
წყარო: 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები