ისტორიკოსების ცნობით, ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში იტალიელი მეზღვაურები იცვამდნენ ტილოს შარვლებს. სამოსისთვის ტილოს გამოყენება იმით იყო განპირობებული, რომ იალქნიანი ფლოტი თანდათან კარგავდა პოზიციებს და ფუნქციას. მოგვიანებით ასეთ შარვლებს ,,ჯენესი” შემდეგ კი ამერიკული მანერით ,,ჯინსი” უწოდეს. ეს სიტყვა წარმოქმნილია ტილოს მწარმოებელი იტალიური ქალაქის – ,,გენუის” სახელწოდებიდან.
თანამედროვე ჯინსის ისტორია ებრაული წარმომავლობის ბელგიელი მკერავის ვაჟს ლეიბ შტრაუსს უკავშირდება, რომელიც 1853 წელს ჩავიდა ამერიკაში. 24 წლის ლეიბს ამერიკელმა მეზღვაურებმა გემზევე შეარქვეს ლევი სტრაუსი. უცხო მიწაზე ჩასულ ყმაწვილს თან მხოლოდ ერთი რულონი ტილო ჰქონდა. სულ ეს იყო, რაც მამისგან მემკვიდრეობით ერგო. როგორმე თავი რომ გაეტანა, ლევისმა შეკვეთით კარვების კერვა დაიწყო. ერთხელ ერთმა შეზარხოშებულმა ოქროსმაძიებელმა ლევის უთხრა, რა მოხდებოდა, ისეთი გამძლე ქსოვილის შარვალი რომ მქონოდა, მასში გამოწყობილს კარავში კი არა, პირდაპირ ხის ქვეშ შემძლებოდა ღამის გათევაო. ლევი სტრაუსს ნასვამი მუშის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა და დიდხანს აღარ უფიქრია მამის ნასწავლი ხელობა გაიხსენა, კანაფის ტილოსგან თავისი პირველი შარვალი შეკერა და მუშას 1 დოლარი და 20 ცენტად მიჰყიდა. ამ საქმეს ისეთი წარმატება მოჰყვა, რომ სტრაუსმა საკუთარი საწარმო გახსნა, თუმცა 1860 წელს ჯინსზე მოთხოვნამ იკლო. საქმე ის გახლავთ, რომ ჯიბეები, რომლებითაც ოქროსმაძიებელი მუშები ხელსაწოებსა და თვითნაბად ოქროს ეზიდებოდნენ, მალე იხეოდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჯინსის ისტორიაში მეორე ადამიანი იაკობ დევისი. მან მოიფიქრა, რომ თუ ჯიბეებზე რკინის კნოპებს დაამაგრებდა, ისინი უწინდებურად მალე არ ჩამოიხეოდა. იაკობს დიდი შემოსავალი არ ჰქონდა და დამოუკიდებლად თავისი იდეის განხორციელებას ვერ შეძლებდა, ამიტომ ის ლევი სტრაუსს შეუთანხმდა და 1873 წელს ლევი სტრაუსმა და იაკობ დევისმა ,,ჯიბეებიანი სამუშაო კომბინიზონის” წარმოებისთვის პატენტი მიიღეს. 1886 წელს ჯინსის შარვალს ტყავის ლეიბლი დაემატა. იმავე პერიოდში სან- ფრანცისკოში ოქროს საბადოების მარაგი ამოიწურა, ოქროსმაძიებლებს საქმე აღარ ჰქონდათ და ჯინსის შარვალმა ჩვეულებრივ მუშებში გადაინაცვლა, ნელ- ნელა კი მასობრივ სამოსად იქცა. 1926 წელს კომპანია Lee – მ ჯინსის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა – პირველად გამოუშვა წინ ელვაშესაკრავიანი ჯინსი.მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკაში ჯინსს მხოლოდ საომარ მოქმედებებში მონაწილე ჯარისკაცებზე ყიდდნენ, რის შედეგადაც ის ამერიკის არმიის სამხედრო ფორმის ნაწილად იქცა. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჰიპურმა მოძრაობამ ჯინსს მეორე სიცოცხლე შესძინა. თუ აქამდე ჯინსი მხოლოდ ლურჯი იყო, მოგვიანებით გამოჩნდა სხვადასხვა ფერის მოდელები.
ჯინსი რევოლუციური მოვლენა იყო მოდის სამყაროში და დღემდე ის თანამედროვე გარდერობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ნაწილია. 🙂
წყარო: 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები