მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკულ კინოთეატრებს სერიოზული დარტყმა მიადგა, რამაც მათი მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა. ამ პერიოდში დაიბადა ტელევიზია, რომელიც მაშინვე კინოთეატრის მტრად იქცა. კინოთეატრებში მაყურებელთა რიცხვმა მკვეთრად იკლო, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჯობინებდა საკუთარ სახლში, გემრიელად მოკალათებულიყო და ტელეეკრანზე ენახა საყვარელი ფილმი.

კინემატოგრაფისტები პანიკაში იყვნენ, ფიქრობდნენ, რომ „კინო კვდებოდა“. დისნეი არ აღმაოჩნდა მათ რიცხვში, ის ტელევიზიას არ შეუშინებია, პირიქით, ამ ახალი შესაძლებლობით დაინტერესდა და თვითონ მივიდა ტელევიზიაში.

უოლ დისნეის დებიუტი 1950 წელს, საშობაო დღესასწაულზე შედგა. მან მონაწილეობა მიიღო გრანდიოზულ რევიუში, რომელიც კოკა-კოლას ეძღვნებოდა. მრავალფეროვან პროგრამაში დისნეის მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც იყო ჩართული. უოლტმა გადაწყვიტა, რომ „დისნეის სტუდიაში“ სატელევიზიო ექსკურსია მოეწყო. ამის წყალობით მილიონმა ადამიანმა იხილა, თუ რა და როგორ კეთდებოდა კინოს ჯადოსნურ სამყაროში – გადაცემა საინტერესო გამოვიდა და მაყურებელთა თხოვნით ის რამდენჯერმე გაიმეორეს კიდეც.

დისნეი ჟიულ ვერნის მოთხრობის, „80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ“, მიხედვით იღებდა ფილმს. მან მეყურებელი ტელევიზიის მეშვეობით „ამოგზაურა“ პირდაპირ ოკეანის ფსკერზე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. ეს იყო სენსაციური სანახაობა, როცა მაყურებელი ტელეეკრანებზე ნახულობდა, თუ როგორ იქმნებოდა ესა თუ ის ფილმი, შემდეგ უკვე ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ფილმი კინოეკრანზეც ენახა. მოკლედ უოლტმა ტელევიზია მაყურებელთან ურთიერთობის და წარმატებული რეკლამისათვის გამოიყენა. მისივე ინიციატივით, „დისნეილენდში“ გადაცემებს ამზადებდნენ.

უოლტ დისნეი 1960 წლის ზამთრის ოლიმპიადის, რომელიც აშშ-ში ჩატარდა, მხატვარი და რეჟისორი იყო. „დისნეის სტუდია“ აშშ-ში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სტუდიად რჩება. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ტექნიკური მიღწევებით. „დისნეის სტუდიასთან“ სტივ ჯობსის სტუდია Pixar-იც თანამშრომლობდა. Pixar-ისა და „დისნეის სტუდიის“ თანამშრომლობის შედეგად, 1995 წელს გამოვიდა მულტფილმი „სათამაშოების ისტორია“, რამაც მსოფლიოში კომპიუტერული მულტფილმების ერას დაუდო სათავე. 2006 წელს კი „დისნეის სტუდიამ“ Pixar-ი შეისყიდა რითაც ის ციფრული მულტიპლიკაციის პიონერად იქცა.

უოლტ დისნეი ამბობდა: „მირჩევნია გავართო ადამიანები და იმედი მქონდეს, რომ მათ ამით რაღაც ისწავლეს, ვიდრე მათ რაღაც ვასწავლო და ვიფიქრო, რომ ისინი გაერთნენ“.

წყარო: ბიზნეს გენია, უოლტ დისნეი
მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).