SEPtips: გაი კავასაკი – საწყის ეტაპზე გაზარდეთ ბრუნვა და არა მომგებიანობა

ბევრს ჰგონია, რომ თუკი ფინანსური მოთხოვნები მოთოკილი გაქვთ და ვენჩურულ კაპიტალს ტომრებით არ ეზიდებით, მაშინ ვერ განვითარდები – ეს მცდარი შეხედულებაა. hp – Hewlett-Packard, Dell, Microsoft, Apple, eBay – ყველა ეს კომპანია თავის დროზე ბიზნესის ბუტსტრეპინგულ მოდელს იყენებდა, რაც იმას გულისხმობს, რომ საწყის ეტაპზე მათი მენეჯმენტი ორიენტირებული იყო რეგულარულ და სწრაფ შემოსავალზე (Cash Flow) და არა ისეთ გარიგებებზე, საბაზრო წილის ზრდაზე ან ბრენდინგზე რასაც მოგების მოსატანად დიდი დრო სჭირდება.

ბუტსტრეპინგი თქვენი ბიზნესის განვითარების მხოლოდ ერთი სტადია უნდა იყოს – ეცადეთ დაიწყოთ მცირედით, მაგრამ იფიქრეთ გლობალურად. ბუტსტრეპინგის მოდელი ნებისმიერ ბიზნესს მოერგება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეწარმეს არჩევანის საშუალება არ აქვს. ბუტსტრეპინგულ ბიზნესმოდელს ახასიათებს შემდეგი თავისებურებები:

  • დაბალი მოთხოვნა საწყის კაპიტალზე;
  • მოკლე (თვეზე ნაკლები) სავაჭრო ციკლები;
  • მოკლე (თვეზე ნაკლები) გადახდის ვადები;
  • რეგულარული შემოსავალი;
  • რეკლამა.

ბუტსტრეპინგი წარმოსდგება ინგლისური სიტყვისგან – Bootstrapping და მოგების თვალსაზრისით გულისხმობს იმას, რომ უარი თქვათ ისეთ გარიგებებზე, რომელსაც ფულის გამოსამუშავებლად  დიდი დრო სჭირდება.  ხარჯების თვალსაზრისით, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი შენაძენისთვის ფულის გადახდის ვადები მაქსიმალურად გაწელოთ. ქაღალდზე თქვენი საწარმო ნაკლებმომგებიანი გამოჩნდება, მაგრამ საბუღალტრო ბალანსზე მეტად მეწარმე-ბუტსტრეპერის მთავარი საზრუნავია რაც შეიძლება მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი ნაღდი ფულის დაგროვება. ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისათვს, რომ თქვენი პროდუქტი/მომსახურება მალე გახდეს მოთხოვნადი, მას უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:

  • ადამიანებმა უკვე იციან (ან მალე გააცნობიერებენ), რომ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება მათთვის აუცილებელია. პოტენციური კლიენტებისთვის ახალი მოთხოვნების ჩაგონება არ გჭირდებათ;
  • თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება „თვითდამაჯერებელია“ – ანუ, როგორც კი ადამიანები განსაზღვრავენ საკუთარ მოთხოვნებს და მიხვდებიან, როგორ აკმაყოფილებთ მათ, თვითონვე დაირწმუნებენ თავს, რომ გადადგან შემდეგი ნაბიჯი, ანუ თქვენს მიერ შეთავაზებული საქონელი იყიდონ;
  • ცუნამის ძალის მქონე ახალი საბაზრო ტენდენცია ყველა დაბრკოლებას მოგაშორებთ. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ინტერნეტი, მაგრამ აუცილებელია თქვენი ბიზნესი გაამყაროთ, რომ ენერგია არ ამოგეწუროთ;
  • შეგიძლიათ ახალი პროდუქტი „მიაკეროთ“ პროდუქტს, რომელსაც უკვე აქვს ფართო სამომხმარებლო ბაზა. ფსონის სხვა, უფრო წარმატებულ პროდუქტზე დადებით რისკი საგრძნობლად მცირდება.

ნაღდ ანგარიშსწორებაზე (Cash Flow) ორიენტირებული მენეჯმენტი ხანგრძლივი პრაქტიკისათვის გამოუსადეგარია, მაგრამ იდეალურია ბუტსტრეპერისათვის. სანამ ნაღდი ფულის მნიშვნელოვან მარაგს შექმნიდეთ, სწორედ ასე უნდა იმოქმედოთ.

წყარო: გაი კავასაკი, იდეიდან პირველ მილიონამდე 

 

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).