SEPtips: იცოდე შენი უფლებები და არასდროს დაიჩაგრები

რა პროფესიისაც არ უნდა იყოთ, თუ არ იცით კანონით რისი უფლება გაქვთ, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ვიღაც ყოველთვის დიგჩაგრავთ. ქვემოთ მოცემული ისტორია, ნახევრად ხუმრობით, ბანკის თანამშრომლისა და კლიენტის მაგალითზე გვიჩვენებს ელემენტარული უფლებების ცოდნის აუცილებლობას.

ერთ–ერთ პროვინციულ ქალაქში, ერთ–ერთი ბანკის თანამშრომელსა და კლიენტს შორის მოხდა უთანხმოება – კლიენტი აპროტესტებდა ბანკის მიერ არასწორად დარიცხულ საკომისიოს, რასაც ბანკის თანამშრომელი არ იზიარებდა. კონფლიქტის განმუხტვას, სტანდარტული მეთოდით შეეცადა ბანკის ხელმძღვანელი:

– თუ არ ეთანხმებით საკომისიოს დარიცხვას, წარმოადგინეთ საჩივარი წერილობითი ფორმით, ბანკი დადგენილი წესით განიხილავს თქვენს საჩივარს და განსაზღვრულ ვადებში გაცნობებთ პასუხს – უთხრა მან კლიენტს საბოლოოდ.

იმ დღეს კლიენტმა დატოვა ბანკი.

რამოდენიმე დღეში, ბანკის შენობას მიადგა მძიმეწონიანი ტვირთმზიდი და სპეციალური ამწე, რომლის მეშვეობითაც გაჭირვებით ჩამოიღეს ქვის უზარმაზარი ფილა და დადეს ბანკის შესასვლელთან. ქვაზე ამოტვიფრული იყო კლიენტის საჩივარი ბანკის მიმართ. საჩივარი შედგენილი იყო ყველა წესის დაცვით – მომჩივანის ვინაობის, მისამართისა და სხვა რეკვიზიტების მითითებით.

აღშფოთებულმა ბანკის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. პოლიცია დაუკავშირდა საჩივრის ავტორს და სთხოვა გაეტანა ქვა, თუმცა კლიენტმა იურიდიულად დასაბუთებული პასუხი გასცა:

– ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობაში არსად არ წერია, რომ საჩივარი აუცილებლად ქაღალდზე უნდა ეწეროს, ასე რომ ბანკმა კეთილი ინებოს და მიიღოს ჩემი საჩივარი იმ ფორმით, რა ფორმითაც წარვუდგინე.

პოლიცია რომ ვერაფერს გახდა, ბანკმა სასამართლოს მიმართა, თან შეეცადნენ თავისი ძალებით გაეტანათ ფილა შესასვლელიდან.

როგორც აღმოჩნდა, ქალაქში არსებობდა მხოლოდ ერთი ამწე, რომლითაც შეიძლებოდა მსგავსი წონის ტვირთის აწევა. ამწეს მლობელი სწორედ საჩივრის ავტორი იყო.

ბანკში სამუშაო პროცესი ჩაიშალა.

რამოდენიმე დღეში ბანკს მიუვიდა სასამართლოს დადგენილება, სადაც ეწერა, რომ კანონით კლიენტი სრულიად მართალია. უფრო მეტიც, ბანკს არ აქვს უფლება უარი თქვას საჩივრის მიღებაზე იმ მოტივით, რომ ქაღალდზე არ არის დაწერილი. პირიქით, ბანკი ვალდებულია განიხილოს საჩივარი და შეინახოს ის არქივში რამოდენიმე წლით.

ბანკს სხვა რა გზა ჰქონდა, დაიქირავა მუშები, წვალებით დააშლევინა გრანიტის ფილა და გადაიტანა „საჩივარი“ არქივში.

როგორც იქნა გაათავისუფლეს შესასვლელი. ბანკში შევიდნენ თუ არა, დარეკა კლიენტმა და თავაზიანად იკითხა:

– უკაცრავად, რა ეტაპზეა ჩემი საჩივრის განხილვა? 

ბანკის თანამშრომლის ყვირილის მოსმენის შემდეგ, კლიენტმა აუღელვებლად განაგრძო:

– კანონით განსაზღვრულ ვადაში თუ არ განიხილავთ ჩემს საჩივარს, წარმოგიდგენთ განმეორებით საჩივარს, თანაც უკვე სამ „ფურცელზე“ დაწერილს, თავის „დანართებით“.

სასწრაფოდ დაიბარეს კლიენტი, მოუბოდიშეს გაუგებრობის გამო და გააუქმეს საკომისიო, რომლის დარიცხვასაც  ის არ ეთანხმებოდა.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).