საბაჟო საქმის სპეციალისტი

პროფესიის ზოგადი დახასიათება

დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთ აუცილებელ და მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენს საბაჟო სამსახური. საბაჟო სამსახური იცავს ქვეყნის ეკონომიკურ სუვერენიტეტსა და ეკონომიკურ უსაფრთხოებას. საბაჟო საქმე უძველესი დროიდან ნებისმიერი სახელმწიფოს საგარეო ვაჭრობის განუყოფელი ნაწილია და შესაბამისად, მისი განვითარება მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებასთან.

ადამ სმიტის მიხედვით, საერთაშორისო ვაჭრობის განვითარება დაიწყო ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებთან მდებარე ქვეყნებში – ეგვიპტე, საბერძნეთი, იტალია, ფინიკია (სირია, ისრაელი, ლიბანი). ხმელთაშუა ზღვა, ნაპირების სიახლოვის გამო, ხელს უწყობდა ახლად ფეხადგმულ ნაოსნობას იმ შორეულ დროში, როდესაც ადამიანები ჯერ კიდევ არ იცნობდნენ კომპასს და შიშობდნენ მხედველობიდან დაეკარგათ ნაპირები. გიბრალტარის სრუტეს იქით ოკეანეში ნავით გასვლა დიდხანს ფრიად საკვირველ და უაღრესად სახიფათო გმირობად ითვლებოდა. ბევრმა დრომ განვლო, ვიდრე ფინიკიელები და კართაგენელები შეეცადნენ იქ გასვლას და 1492 წლამდე, მარტო ეს ხალხი ბედავდა ამას.

ადამ სმიტი: „გიბრალტარის სრუტეს იქით, ოკეანეში ნავით გასვლა ანტიკურ ქვეყნებში დიდხანს ფრიად საკვირველ და უაღრესად სახიფათო გმირობად ითვლებოდა“.

1492-1498 წლებში, ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენა დაედო საფუძვლად ფართო კავშირების ჩამოყალიბებას ახალ მიწებსა და ევროპას შორის (თუმცა, კოლუმბი ფიქრობდა, რომ აღმოაჩინა ინდოეთი). კოლუმბის აღმოჩენა რომ ინდოეთი არ იყო, მოგვიანებით დაამტკიცა ამერიგო ვესპუჩიმ. სწორედ ამიტომ ეწოდა კოლუმბის მიერ აღმოჩენილ კონტინენტს ამერიკა.

ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენები 1492-1502 წ.

ქართულ წყაროებში სიტყვა „ბაჟი“ პირველად მე-11 საუკუნეში იხსენიება. ესაა გიორგი II (1072-1089 წ.წ.) სიგელი შიო-მღვიმის მონასტრისადმი. საქართველოში საბაჟო სისტემამ ფუნქციონირება დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდიდან და დღემდე ვითარდება.

საბაჟო საქმის სპეციალისტი არის ადამიანი, რომელმაც იცის საგარეო ვაჭრობის მარეგულირებელი საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა. მან ასევე იცის საბაჟო რეჟიმები (სასაქონლო ოპერაციები), ამ რეჟიმების შესაბამისად წარსადგენი დოკუმენტები, საბაჟო პროცედურები და საბაჟო გადასახდელების განაკვეთები. საბაჟო საქმის სპეციალისტად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული ან აკადემიური განათლება.

მოვალეობები

  • კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა საბაჟო საკითხებზე;
  • საბაჟო, სატრანსპორტო და სავაჭრო დოკუმენტებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება;
  • საბაჟო ზედამხედველობა;
  • საბაჟო გადასახდელების ადმინისტრირება;
  • საბაჟო დეკლარაციების შევსება;
  • საბაჟო გაფორმება;
  • სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში მონაწილეობა;
  • ფიზიკური პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება და სამართალდარღვევის გამოვლენა (საჯარო სამსახურში მუშაობის შემთხვევაში).

სად შეიძლება დასაქმდეს

საჯარო სექტორი (მებაჟე ოფიცრად, ანალიტიკოსად ან სპეციალისტად):
  • საბაჟო გამშვებ პუნქტში;
  • გაფორმების ეკონომიკურ ზონაში;
  • სპეციფიკურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (საბაჟო კონტროლის, რისკების, გაშვების შემდგომი შემოწმების, სატარიფო და არასატარიფო კონტროლის, საბაჟო დავების ან საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სამმართველოში).
კერძო სექტორი (ექსპორტ-იმპორტის მენეჯერად, საბაჟო წარმომადგენლად, დეკლარანტად ან საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული სხვა მიმართულებით):
  • საბროკერო – საკონსულტაციო კომპანიებში;
  • სავაჭრო – სამრეწველო კომპანიებში;
  • გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კომპანიებში;
  • დიპლომატიურ დაწესებულებებში;
  • არასამთავრობო ორგანიზაციებში;
  • საბაჟო საწყობებსა და ტერმინალებში.

შრომის საშუალო ანაზღაურება

800-1200 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ იმ ავტორიზებული სასწავლებლების ჩამონათვალს, სადაც შესაძლებელია საბაჟო საქმის სპეციალისტის პროფესის დაუფლება, ასევე პროფესიის სტანდარტსა და მოდულებს:

სასწავლებლების ჩამონათვალი
პროფესიული სტანდარტები და მოდულები

პაატა ცაგარეიშვილი
პაატა ცაგარეიშვილი
ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ასოცირებული პროფესორი, სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) დამფუძნებელი.