ბრიტანელი ბიზნესმენი სერ რიჩარდ ბრენსონი 20 წლის იყო, როცა 1970 წელს კორპორაცია ვირჯინ / virgin დაარსა. ის ერთადერთი მეწარმეა, რომელმაც რვა დამოუკიდებელი მილიარდიანი კომპანია დაარსა რვა სხვადასხვა სფეროში. მას თან სდევს წარმატება, არადა, არც ერთ სფეროში არა აქვს დიპლომი. ის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და საინტერესო ტიპაჟია ცნობილ მილიარდერებს შორის. მისი ქონება დღეს 4,6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
რიჩარდ ბრენსონი დაიბადა 1950 წელს ლონდონში, ბლეკჰეტში. ბაბუამისი მოსამართლე იყო, მამა კი – ადვოკატი. 13 წალამდე სკოლაში სწავლობდა, თუმცა, მალე მიატოვა. სწავლის სირთულეები და ცუდი შეფასებები იმის ბრალი იყო, რომ დისლექსია ჰქონდა (მეტყველების ერთგვარი პრობლემა). ამის მიუხედავად, ბავშვობიდან ჰქონდა საქმოსნური წამოწყებები. ერთხელ საშობაო ნაძვის ხეების მოშენება გადაწყვიტა, მერე კი – ტალღოვანი თუთიყუშების, თუმცა არც ერთმა საქმემ არ გაუმართლა.
16 წლისა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მომგებიან ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი – ჟურნალ „სტუდენტს“. ჟურნალში უფასოდ იბეჭდებოდნენ ჯონ ლენონი, მიკ ჯაგერი და სხვა ვარსკვლავები. 17 წლის რიჩარდ ბრენსონმა თავისი პირველი საქველმოქმედო ორგანიზაცია დაარსა.
მისი შემდგომი საქმიანობა ხმის ჩამწერ კომპანიებს, ჩანაწერების ყიდვა-გაყიდვას უკავშირდება. მერე იყო მაღაზიები, ტელევიზია, კინო, გამოცემები, ავიაკომპანია… დღეს მისი კორპორაციის მფლობელობაში სხვადასხვა პროფილის 400-მდე კომპანიაა გაერთიანებული.
წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები