ცხოვრება მუდმივი კითხვის ნიშანია, ის, რაც ყველაზე მეტად გვინდა, ძალიან ახლოს, მაგრამ მომავალშია. ცხოვრების ყველა გზაჯვარედინზე დაუკმაყოფილებლობის ჭინკები არიან ჩრდილში ჩასაფრებულები, თითქოს ამბობენ: „ნებისმიერი გზით წადი, ჩვენ მაინც მოვაღწევთ შენთან.“ დაბადებიდან სიკვდილამდე ცნობიერება იმისკენ მიისწრაფვის, რასაც არ ფლობს. ბავშვი საკუთარი სათამაშოებით თამაშობს და ცდილობს, რადაც არ უნდა დაუჯდეს სხვას წაართვას სათამაშო; მოზარდი გოგონა ცდილობს ზრდასრულივით ჩაიცვას და ასევე გამოიყურებოდეს; ახალგაზრდა ბიჭი, მაგალითად, რკინიგზის, ბანკის ან საქონლის ქსელის მფლობელ რესპექტაბელურ მამაკაცთან შეხვედრისას, ფიქრობს: „რა ბედნიერია, რა იქნებოდა ეს ყველაფერი მე რომ მეკუთვნოდეს!..“
ბედნიერება ყოველთვის ასეა – ჩანს, თუმცა მიუწვდომელია. რაც არ უნდა გვქონდეს ჩვენ, ცხოვრებას სრულყოფილებამდე ყოველთვის რაღაცა აკლია… ერთს მეორე მოყვება: ქალი ყიდულობს ლამაზ ქუდს, ახლა მას ქუდის შესაფერისი კაბა სჭირდება, კაბისათვის ახალი ფეხსაცმელია საჭირო, მერე წინდები, ხელთათმანები, სხვადასხვა სამკაულები, შედეგი კი – შესაძლებლობებს ბევრად აღემატება
გსურს საკუთარი სახლი გქონდეს, პატარა სახლი ტბის პირას, აშენებ მას, მაგრამ სახლი დაუმთავრებელია; ახლა ბუჩქები და ყვავილები არის საჭირო; ლამაზი მესერი, მისადგომი გზა, მანქანა, ავტოფარეხი, ამასობაში სახლი ძალიან პატარა ჩანს, მასში უფრო მეტი ოთახი უნდა იყოს… და ასე გრძელდება უსასრულობამდე!
თუნდაც ახალგაზრდა მამაკაცი მანდილოსანს ირჩევს და თვლის, რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია, მაგრამ, როდესაც თავისას მიაღწევს, ის უკვე აღარ არის დარწმუნებული, შეუძლია თუ არა მის გარეშე ცხოვრება.
ჩვენი სურვილების ძალა ყოველთვის აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, როგორც კი ჩვენ სასურველს მივაღწევთ, მაშინვე აღმოვაჩენთ, რომ ის უკვე აღარ გვინდა, რა მშვენიერია მთა შორს, მაგრამ მივუახლოვდებით თუ არა მას, ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ ქვების, ტალახისა და ხეების გროვაა.
როგორც კი მიატოვებს ადამიანი მომავლის წარმატებების ხილვების ლოლიაობას, მას ბოლო მოეღება. ბუნებამ ადამიანი ისეთნაირად შექმნა, რომ მისთვის ერთადერთი მისაწვდომი ბედნიერება მიუღწეველი ობიექტის დევნაშია. წინათგრძნობა ფლობაზე ტკბილია. ადამიანისათვის ხელმისაწვდომი ხანგრძლივი კმაყოფილება – მომავალი მიღწევების იმედია, როდესაც ეს იმედი კვდება, ადამიანის გულზე ჩნდება წარწერა – დ ა ს ა ს რ უ ლ ი .
შესაძლებლობა იქ არის, სადაც თქვენ მას ეძებთ და სხვაგან არსად, ნუ აგაღელვებთ ის, რომ მესრის მეორე მხარეს ბალახი უფრო მწვანე ჩანს. ასე განიზრახა ბუნებამ, ასე გვიხმობს ბუნება ჩვენ და მთელი ცხოვრების ამოცანის ამოსახსნელად გვამზადებს, ეს ამოცანა – ბრძოლაში წარმატებაა.
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები