ბაიკერულმა ქურთუკმა მოდის სამყაროში მტკიცედ და როგორც ჩანს, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. ამ პოპულარული ქურთუკის ისტორია გასული საუკუნის 50-იანი წლებში იწყება, ამერიკა-კორეის ომის დროიდან. საინტერესოა, რომ ბაიკერული ქურთუკი თავდაპირველად შეიქმნა, როგორც სამხედრო სამოსი. ქურთუკი, რომელსაც ელვაშესაკრავი ირიბად ჰქონდა ჩაკერებული, მფრინავებისთვის იყო განკუთვნილი, რომ ისინი ქარისაგან დაეცვა.
ჩვეულებრივი ტყავის ქურთუკებისაგან ბაიკერული ქურთუკი სწორედ იმით განსხვავდება, რომ სქელი მაგარი ტყავისგან არის შეკერილი. ელვაშესაკრავი კი, როგორც აღვნიშნეთ, ირიბად – მარცხენა თეძოდან მარჯვენა მხრისკენ მიემართება. მოგვიანებით ასეთი ქურთუკი პრაქტიკული აღმოჩნდა მოტოციკლისტებისთვის და პოპულარულიც გახდა მათ შორის. გარდა ამისა, ქურთუკი მფლობელს უფრო მკაცრ და საშიშ იერს სძენდა. მით უმეტეს, როცა მას მეტალის დეტალებით გააწყობდნენ, ამიტომ ის როკმუსიკოსებსაც მოუვიდათ თვალში.
დღეს ბაიკერულ ქურთუკს აუცილებლად იპოვით მოდის მოყვარული ქალბატონების გარდერობში. სადა, კლასიკური შავი ბაიკერული ქურთუკი ნებისმიერი სტილის სამოსს უხდება. დიზაინერები მის დასამშვენებლად სხვადასხვა დეტალს იყენებენ. ახალ სეზონში აქტუალურია ნაქარგითა და ფურჩალებით დამშვენებული, ასევე კომბინირებული მასალით, მაგალითად, ჯინსითა და ტყავით შეკერილი ბაიკერული ქურთუკები.
წყარო: 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია
მასალის გამოყენების პირობები