მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი, წარმოშობით არაბი კარლოს სლიმ ელიუ, რომლის ქონება 72 მლრდ დოლარია, წლების განმავლობაში ლიდერობდა მილიარდერთა რეიტინგში. 2014 წელს ის მეორე პოზიციაზე გადაანაცვლა ბილ გეიტსმა.
ბიზნესმენი, მიუხედავად თავისი კოლოსალური კაპიტალისა, მოკრძალებულად ცხოვრობს, არ ჰყავს კერძო თვითმფრინავი და კვირაში 24 ათას დოლარზე მეტის დახარჯვის უფლებას არ აძლევს თავს. ერთი შეხედვით, შეიძლება ეს ბევრი ჩანდეს, მაგრამ სხვა მილიარდერებთან შედარებით, მართლაც ზღვაში წვეთია.
კარლოს სლიმი ლიბანელი ემიგრანტის ვაჟია, როგორც ამბობს, კეთილდღეობის ზრდის პირველი გაკვეთილები ადრეულ ბავშვობაში მიიღო. მამამ თითოეულ ბავშვს დაურიგა რვეულები და დაავალა, მასში ჩაეწერათ გასავალი და შემოსავალი, მერე ერთად განიხილავდნენ ჩანაწერებს და თითოეულის ქონებას აანალიზებდნენ.
პირველი საინვესტიციო გამოცდილება კი მომავალმა მილიარდერმა 12 წლის ასაკში მიიღო, როცა ანგარიში გახსნა ერთ-ერთი მექსიკური ბანკის აქციების საყიდლად.
დღეს კარლოს სლიმი ცნობილი ფილანტროპიც არის, დაარსებული აქვს თავისი სახელობის ფონდი, რომელიც მექსიკის საგანმანათლებლო, კულტურულ და სამედიცინო პროექტებს აფინანსებს.