„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
სტუდენტი – არის პირი, რომელიც საქართველოს კანონით „უმაღლესი განათლების შესახებ“ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად;
აბიტურიენტი – არის სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
სტუდენტის უფლებები განსაზღვრული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით, რომლის თანახმადაც სტუდენტს უფლება აქვს:
✔ მიიღოს ხარისხიანი განათლება;
✔ მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
✔ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
✔ საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად;
✔ თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
✔ თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
✔ საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების გადატანის წესს განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
✔ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
✔ საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
✔ აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
✔ მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
✔ პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
✔ განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
✔ სხვა უფლებები – რეკომენდირებულია გაეცნოთ კანონის 43-ე მუხლს სრულად.
ასევე: სტუდენტთა უფლებებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ნორმები საქართველოს კონსტიტუციიდან, კანონმდებლობიდან და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციიდან თავმოყრილია „საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაციში”, რომელიც წარმოადგენს „სტუდენტური თვითმმართველობების განვითარების კომისიის” მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს.
იხილეთ სრულად: საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ
იხილეთ სრულად: საქართველოს სტუდენტთა უფლებების დეკლარაცია