ჯონ როკფელერის ბიოგრაფია

ჯონ როკლფელერი (ინგლისურად – John Davison Rockefeller. 8.07.1839-23.05.1937) – პირველი მილიარდერია კაცობრიობის ისტორიაში. ის იყო ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა. მისი ქონება სიმდიდრის მწვერვალზე 318 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა (ამ დროს ის 74 წლის იყო). ახალგაზრდობაში როკფელერი მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობდა – ეშოვა 100 ათასი დოლარი და ეცოცხლა 100 წელი. ის გარდაიცვალა 97 წლის ასაკში, თუმცა პირველი ოცნება აისრულა.

ჯონ როკფელერი დაიბადა 1839 წლის 8 ივლისს ამერიკაში, საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახში. მისი მამა – უილიამ ავერი როკფელერი, რომელიც ცნობილი იყო ზედმეტსახელით „დიდი ბილი“, ყველაზე მეტ დროს იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ გაქცეოდა სამუშაოს. დედამისი ელიზა კი შვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა რწმენასა და შრომის სურვილს. როკფელერმა მოღვაწეობა უბრალო ბუღალტრის რანგში დაიწყო, შემდგომში საბითუმო ვაჭრობის მცირე ბიზნესი წამოიწყო და ბოლოს მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობ-კომპანიის  – „Standard Oil“-ის დამფუძნებელი გახდა. მისი კომპანია ისტორიაში შევიდა, როგორც აშშ-ის ყველაზე მასშტაბური მონოპოლია. Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

1911 წელს, შერმანის ანტიმონოპოლიური კანონის შემოღების შედეგად, Standard Oil-ი 34 დამოუკიდებელ კომპანიად დაიყო, თითოეულის საკონტროლო პაკეტი კი სწორედ როკფელერს ეკუთვნოდა. კომპანიის გაყოფამ როკფელერის პირადი კაპიტალი ორჯერ გაზარდა. რომ შევადაროთ,  1917 წლისთვის აშშის ფედერალური ბიუჯეტი 715 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო როკფელერის ქონება – 900 მილიონიდან $1 მილიარდ დოლარს შორის მერყეობდა.

აღსანიშნავია, რომ მუშაობის პირველი პერიოდიდან მოყოლებული, როკფელერი საკუთარი შემოსავლის 10%-ს მუდმივად სწირავდა ეკლესიას. ამას გარდა, ის აქტიურად იყო დაკავებული საქველმოქმედო საქმიანობით. მან დაარსა როკფელერების ფონდი და დიდ თანხებს გასცემდა სამედიცინო კვლევებისათვის, განათლებისათვის, სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლისათვის. მანვე დაარსა ჩიკაგოსა და როკფელერის უნივერსიტეტი და ისტორიას შემორჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფილანტროპი. როკფელერის საქველმოქმედო ფონდი ამ დრომდე აგრძელებს ფუნქციონირებას.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ჯონ როკფელერის რჩევები: SEPtips: ჯონ როკფელერის სიმდიდრის წესები
მეტი: ვიკიპედია ჯონ როკფელერის შესახებ

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).