2015 წლის 24 დეკემბერს, კინოთეატრ CINEMA CITY-ში გაიმართა სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის 2007 წლის ერთობლივი ინტერვიუს საცდელი პრეზენტაცია. ჯობსი-გეიტსის ინტერვიუ ქართულად ითარგმნა და გახმოვანდა სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) მიერ.
ამ ადამიანებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს არა მარტო კომპიუტერული ინდუსტრიის, არამედ უამრავი სხვა ბიზნესის განვითარებაში. არავინ იცის, მათ გარეშე განვითარდებოდა თუ არა მუსიკალური და კინო ინდუსტრია, განიკურნებოდა თუ არა უამრავი დაავადება, იარსებებდა თუ არა საერთოდ ინტერნეტი, Facebook-ი და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ათასობით სხვა ბიზნესი.
ინტერვიუ წარმოადგენს ისტორიულ ჩანაწერს, რადგან მასში, ყველა დროის ორი ყველაზე წარმატებული ადამიანი გვაძლევს წარმატებასთან დაკავშირებულ რჩევებს APPLE-ისა და MICROSOFT-ის მაგალითზე.
ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპების პრეზენტაციას ესწრებოდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და SEPIA-ს პარტნიორის, საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) წარმატებული სტუდენტები.
„ინტერვიუს ახლავს ქართული სუბ-ტიტრები, რაც სტივისა და ბილის რჩევებს ხელმისაწვდომს ხდის ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა, ლაშა ნადირაშვილმა.