მეწარმის კრედოა – „პრეზენტაციას ვატარებ, ესე იგი ვარსებობ“. პრეზენტაციები, გარდა იმისა, რომ სახსრების მოსაძიებლადაა საჭირო, ასევე ნებისმიერ საკითხზე შეთანხმების მიღწევის ძალიან ეფექტიანი საშუალებაა. კომპანია პარტნიორს (ან სხვა სუბიექტს) შეიძლება შეუთანხმდეს მრავალ საკითხზე: კომპანიისათვის ფინანსური რესურსის გამონახვა პროდუქტის ან სერვისის შემუშავების მიზნით, გარიგების დასრულება, პარტნიორობის განმტკიცება, თანამშრომლების დაქირავება თუ ინვესტიციების მოზიდვა.
წარმატებისათვის მთავარია, სწრაფად აიღოთ სტარტი, ახსნათ საკუთარი საქმიანობის მნიშვნელობა, არ დააცხროთ ვნებათაღელვა, ისმინოთ აუდიტორიის აზრი და რეგულარულად ატაროთ პრეზენტაციები მანამ, სანამ საქმე კარგად არ წავა. პირველ რიგში უნდა ახსნათ, რას აკეთებთ და სწორედ მერე ჩასწვდება მსმენელი თქვენი ბიზნესის თავისებურებებს, პრველივე ფრაზით გაფანტეთ ბურუსი და ნუ დატანჯავთ ხალხს გამოცანებით. ისაუბრეთ მოკლედ და კონკრეტულად:
. ჩვენ ვყიდით პროგრამულ უზრუნველყოფას;
. ჩვენ ვყიდით მოწყობილობებს;
. ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ღარიბი ოჯახებიდან;
. ჩვენ შვებას ვაძლევთ ცოდვილებს;
. ჩვენ ვებრძვით ბავშვებზე ძალადობას.
პრეზენტაციის დროს უნდა წარმოიდგინო, რომ თითქოს მხარზე პატარა კაცუნა გიზის, რომელიც თითოეულ განცხადებაზე ყურში ჩაგჩურჩულებს; „მერე რა?“, როცა ამ კითხვას უპასუხებთ, უსათუოდ წარმოთქვით ჯადოსნური სიტყვა „მაგალითად…“ და დააკონკრეტეთ პასუხი თქვენი პროდუქტის (თუ სერვისის) რაიმე ფუნქციის რეალური გამოყენების შედეგებზე (ან სავარაუდო შედეგებზე) მოთხრობით.
გახსოვდეთ, პრეზენტაციისას ასეთი კითხვის („მერე რა?“) და მასზე გაცემული პასუხის (რომელიც იწყება სიტყვით – „მაგალითად“) კომბინირება ყველაზე კარგი სვლაა.
წარმატებული პრეზენტაციის საწინდარი შეხვედრის დაწყებამდე ჩატარებული კვლევაა.
წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე