ჩარლი ჩაპლინი – ეს სახელი და გვარი უკვე მეორე საუკუნეა იუმორთან, სიკეთესთან და პოზიტივთან ასოცირდება. 1915 წელს ჩაპლინი შემოიჭრა ომებით გახლეჩილ მსოფლიოში და ხალხს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, ხოლო ჰიტლერის აღზევების პერიოდში, ჩარლი განაგრძობდა ხალხისთვის სიცოცხლის ხალისის დაბრუნებს. „არავის მოუტანია იმაზე მეტი გართობა, სიამოვნება და ნუგეში ხალხისთვის მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ“ – წერს მარტინ სიფი წიგნში „ჩარლი ჩაპლინის ცხოვრება“.
წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩარლი ჩაპლინის წიგნიდან, სადაც ის იხსენებს თავის პირველ მასწავლებლთან და პროდიუსერთან მაკ სენეტისთან საუბარს, თუ როგორ მოუვიდათ ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის – „მაწანწალას“ შექმნის იდეა.
მაწანწალას შექმნა
– აქ კომიკური ეპიზოდებია საჭირო, თქვა მისტერ სენტიმ და მომიბრუნდა – წადით, გრიმი გაიკეთეთ, სულ ერთია, როგორიც გინდათ ისეთი!“. არ ვიცოდი რომელი გრიმი გამეკეთებინა, ვერ გადამეწყვიტა ახალგაზრდა გამოვჩენილიყავი თუ მოხუცი.
ჯერ კიდევ არ ვიყავი შესული გარდერობში, რატომღაც გადავწყვიტე ჩამეცვა ფართხუნა შარვალი, წელზე შემოჭერილი ქურთუკი, ფრატუნა ფეხსაცმელები, დამეხურა ქვაბურა ქუდი და ხელში დამეჭირა ჯოხი… მინდოდა ყველაფერი უკუღმართად ყოფილიყო, გამახსენდა, რომ სენტის სურდა „მაწანწალა“ ხნიერი ყოფილიყო, ამიტომ პატარა ულვაში გავიკეთე, რომელიც ხანს მმატებდა, მაგრამ სახის გამომეტყველებას არ ფარავდა…
როგორი ხასიათი უნდა შემექმნა ეს ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ მოვრჩი თუ არა ჩაცმას, ჩაცმულობამ და გრიმმა თვითონვე მიკარნახა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო „მაწანწალას“ პერსონაჟი. თანდათან ვაყალიბებდი გონებაში მაწანწალას ხასიათს და სენტის წინაშე რომ წარვსდექი.
მისტერ სენტმა დამინახა თუ არა წასკდა სიცილი და მთელი ტანით ძიგძიგებდა – მე მედიდურად დავაბიჯებდი, დაუდევრად ვიქნევდი ჯოხს და თან თავში დაუსრულებლად მომდიოდა ათასგვარი კომიკური სიტუაციები და ეპიზოდები.
სენტის სიცილმა გამამხნევა და ჩემი გმირის დახასიათებას მოვყევი: მრავალმხრივი კაცია ჩემი პერსონაჟი, მაწანწალაც არის, ჯენტლმენიც, პოეტიც, მეოცნებეც, ეული ადამიანი, რომელიც მუდამ რომანტიკული სიყვარულისა და თავგადასავლების მოლოდინშია. მას სურს დაგარწმუნოთ, რომ მეცნიერია, ან მუსიკოსი, ან ჰერცოგი, ან პოლოს მოთამაშე. ამასთან, ნურც ის გაგიკვირდებათ, ქუჩაში უცებ სიგარეტის ნამწვავი აიღოს ან პატარა ბავშვს კამფეტი წაართვას, ან თუ გააბრაზეს ქალს პანღურიც ამოჰკრს (ოღონდ თუ ძალიან გააბრაზეს).
კარგა ხანი ასე დავდიოდი და ვლაყბობდი, სენტი კი იცინოდა და იცინოდა.