ავტოკონსულტანტი, ანუ გაიცანი საკუთარი ავტომანქანა

ავტოკონსულტანტი, ანუ გაიცანი საკუთარი ავტომანქანა. ბიზნეს იდეა საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც უყვარს ავტომანქანის მოვლა. მითუმეტეს, იდეის განხორციელება არ საჭიროებს თავდაპირველ კაპიტალს და ასეთ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია…

ბიზნეს იდეა – ავტოკონსულტანტი

კარგი იქნება თუ შეიქმნება პრაქტიკული კურსები სადაც ახალ და გამოუცდელ მძღოლებს მცირე ტრენინგს ჩაუტარებენ საკუთარი ავტომობილის უკეთ გასაცნობად.

ტრენინგის მაგალითები:

  • სად და როგორ უნდა ჩავამატოთ წყალი საქარე მინის გასაწმენდად;
  • საბურავის შეცვლისას რა უსაფრთხოების ზომებია გასატარებელი, რათა თავიდან იქნას აცილებული ავტომანქანის ჩამოვარდნა. ასევე ახალი დაყენებული სათადარიგო საბურავი მოულოდნელად რომ არ მოძვრეს ავტომანქანას;
  • როგორ შევამოწმოთ ზეთის ოდენობა ძრავში, გადაცემათა კოლოფში ან ჰიდრავლიკაში;
  • როდის, როგორ, სად და რატომ უნდა ჩავამატოთ „ანტიფრიზი“ და ა.შ.

ასევე საინტერესო იქნება უსაფრთხოების წესების გაზიარება გამოცდილი მძღოლის ყოველდღიური ცხოვრებიდან და სხვა საინტერესო დეტალები ავტომანქანის მოვლასთან დაკავშირებით.

სარეკომენდაციო ეტაპები:

  1. შექმენით საინტერესო ვიზუალისა და სახელის მქონე ფეისბუკ-გვერდი. გამოიყენეთ სერვისთან დაკავშირებული სადა, მაგრამ მაღალი ხარისხის ფოტოები, მაგალითად ასეთი ან ასეთი;
  2. აღნიშნულ ფეისბუკ-გვერდზე მოკლედ აღწერეთ თქვენი სერვისი. აღწერაში დაგეხმარებათ უცხოური ანალოგები. თუ უცხო ენა კარგად არ იცით, გამოიყენეთ ტექსტის მთარგმნელი ლექსიკონი. მაგალითად, უცხოურ მსგავს ვებ-გვერდზე მონიშნეთ სასურველი ტექსტი და ჩასვით აქ translate.google.ge;
  3. სერვისის ასაღწერად და დაინტერესებულ პირთა რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ ასევე გუგლის ინსტრუმენტი Google Forms;
  4. სერვისის აღწერისას გაითვალისწინეთ, რომ როდესაც შემკვეთს სურს კონსულტაციის გაწევა თავის მიერ მითითებულ მისამართზე, საფასური შედარებით მაღალი უნდა უთხრათ, ვიდრე მაშინ როდესაც შემკვეთი მოდის თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე;
  5. სავსებით შესაძლებელია, საწყის ეტაპზე აღნიშნული საქმიანობა განახორციელოთ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ან ქალაქის რომელიმე, შედარებით არახალხმრავალ ადგილას.

სავარაუდო რისკები:

შესაძლოა სერვისის გაწევის შემდეგ საფასური არ გადაგიხადონ. თუმცა, ასეთი შემთხვევები არ იქნება ბევრი. ამ რისკის თავიდან აცილებას მარტივად შეძლებთ, თუ შემკვეთს წინსწარ მოსთხოვთ თანხის გადახდას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მართალია ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, თუმცა, დიდი ალბათობით, სატელეფონო საუბარშივე შეატყობთ წესიერია თუ მატყუარა. ამიტომ, გადაწყვეტილება იმის შესახებ, წინასწარ გამოართვათ თუ არა თანხა, მიიღეთ ინდივიდუალურად. მართალია თანხის წინასწარ არ გამორთმევის შემთხვევაში რისკი კვლავ რჩება, თუმცა ნუ იქნებით რადიკალური, ხომ გაგიგიათ, ვინც რისკავს ის სვამს შამპანურს.

ამ სერვისით განსაკუთრებით ახალბედა მძღოლები დაინტერესდებიან. როგორც წესი, დილეტანტმა მძღოლებმა არ იციან ავტომობილის მოვლის წესები და მათთვის უცნობია როგორ მოაგვარონ ესა თუ ის მარტივი პრობლემა.

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).