„დისნეილენდი“ არასდროს დასრულდება… ის გააგრძელებს განვითარებას მანამ, ვიდრე მსოფლიოს წარმოსახვის უნარი ექნება!“ ეს სიტყვები ეკუთვნის უოლტ დისნეის, რომელმაც ბავშვობის ოცნება უდიდეს ბიზნესად აქცია.
1953 წელს დისნეიმ ჰოლივუდის სამხრეთით, დაახლოებით 45 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ანაჰაიმში 65 ჰექტარი მიწა შეიძინა, სადაც მომდევნო წელს ფართომასშტაბიანი მუშაობა გაჩაღდა და 1955 წლის 17 ივლისს „დისნეილენდი“ გაიხსნა. თავდაპირველად აქ განლაგდა 20-მდე ატრაქციონი. დაგეგმილი იყო, რომ გახსნას 11 ათასი ადამიანი, მოსაწვევებით დაესწრებოდა, მაგრამ დაიბეჭდა ყალბი მოსაწვები და სტუმართა რიცხვმა 28 154 შეადგინა, მეორე დღეს კი პარკში მიმსვლელთა რიცხვმა 50 ათასს გადააჭარბა. პარკის გახსნა ტელევიზიით პრდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მისი ერთ-ეთი წამყვანი კი დისნეის მეგობარი, შემდგომში ამერიკის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი იყო. პარკს მუდმივად ანახლებდნენ და სხვადასხვა გასართობსა და საინტერესო განყოფილებას ამატებდნენ; გახსნიდან დღემდე პარკი მილიონობით ადამიანმა მოინახულა: „ჩვენ გვჯეროდა იდეის, რომ გავაკეთებდით ოჯახური ტიპის პარკს, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად იმხიარულებდნენ“ – ამბობდა დისნეი. მან ეს იდეაც წარმატებით განახორციელა. „დისნეილენდში“ უმცროსებიცა და უფროსებიც ერთნაირად ერთობიან.
უოლტ დისნეიმ პარკის მშენებლობაში ასი ათასი დოლარი ჩადო, რამაც შემდეგ მილიონები მოიტანა. უოლტის კიდევ ერთი ფანტაზია ამჯერადაც დიდ ბიზნესად იქცა. მას თავისი სამყაროს გასაფართოებლად და გასუმჯობესებლად არც დრო და არც ფული არ ენანებოდა, თუმცა, ჰოლივუდში მას იცნობდნენ როგორც ყველაზე ძუნწ ადამიანს, მასთან მომუშავე მხატვრებს, რეჟისორებსა და სცენარისტებს ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდათ, მაგრამ ის არ იშურებდა თანხებს მისი იდეების განსახორციელებლად, თუნდაც ის წამგებიანი ყოფილიყო.
„დისნეილენდი“ არის ქვეყანა, სადაც მიკი მაუსის გვერდით ფიფქია თავის საყვარელ ჯუჯებთან ერთად დასეირნობდა, სადაც იხვი დონალდი პინოქიოსა და ბემბისთან მეგობრობდა…“, აქ ნახავთ უოლტ დისნეის მიერ შექმნილ თითქმის ყველა პერსონაჟს მულტიპლიკაციური თუ მხატვრული ფილმებიდან, რომლებიც მან გადაიღო.
უოლტ დისნეი დიდი აღმაფრენით აშენებდა ამ სამყაროს, მისი გამომგონებლობა მნახველს ამჯერადაც აოგნებდა. „დისნეილენდი“ მალე საერთო-ამერიკულ ღირსშესანიშნაობად იქცა.
მსგავსი პარკები გახსნილია ტოკიოში, ჰონკონგსა და პარიზში, თუმცა ერთადერთი პარკი, რომელზეც უშუალოდ უოლტ დისნეი მუშაობდა, არის ამერიკული „დისნეილენდი“.
წყარო: ბიზნეს გენია | უოლტ დისნეი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები