+995557055333 info@sepia.ge
Facebook
Youtube
Instagram
Google-plus
თამაშის წესები
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
1. ოლიმპიადის ეტაპები – 1. გაცნობითი შეხვედრა; 2. ნახევარფინალი; 3. ფინალი; 4. სუპერფინალი. თითოეული ეტაპი შედგება სამი რაუნდისაგან, სადაც გუნდები ამზადებენ და სვამენ კითხვებს ამ წესების შესაბამისად;
2. გაცნობითი შეხვედრა – პირველი შიდა შესარჩევი შეხვედრა ოლიმპიადის მონაწილეებთან, სადაც ხდება შემთხვევითი გუნდების შექმნა და მათთვის თამაშის ამ წესების გაცნობა;
3. შემთხვევითი გუნდი – გაცნობით შეხვედრაზე ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით) არჩეული გუნდი, რომელიც თამაშობს ნახევარფინალში;
4. ნახევარფინალი – მეორე შიდა შესარჩევი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან შემთხვევითი გუნდები. ნახევარფინალში გამარჯვებული შემთხვევითი გუნდის წევრები ავტომატურად ხდებიან ახალი გუნდის მენეჯერები და დანარჩენი მონაწილეებისაგან ქმნიან ძირითად გუნდებს. მენეჯერების მიერ მონაწილეთა არჩევის თანმიმდევრობა ირკვევა კენჭისყრით;
5. ძირითადი გუნდი – ნახევარფინალში შექმნილი გუნდი, რომელიც აგრძელებს თამაშს ფინალში;
6. ფინალი – მესამე შიდა შესარჩევი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ძირითადი გუნდები. ფინალში ერთი სასწავლებლიდან მხოლოდ ერთი გუნდი იმარჯვებს და წარადგენს ამ სასწავლებელს სუპერფინალში;
7. სუპერფინალი – ფინალში გამარჯვებული გუნდების შეხვედრა, სადაც ვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებული, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები;
8. ოლიმპიადის მონაწილე – გუნდის წევრი ან დავების საბჭოს წევრი;
9. დავების საბჭო – დავის განმხილველი ორგანო (შემდგომში – საბჭო), რომელიც შედგება იმდენი წევრისაგან, რამდენი გუნდიც თამაშობს კონკრეტულ დღეს. დავის არსებობის შემთხვევაში, საბჭოს მოვალეობაა დავის გადაწყვეტა ამ წესებზე დაყრდნობით;
10. საბჭოს წევრი – გუნდის წარმომადგენელი საბჭოში. გაცნობით შეხვედრაზე საბჭოს წევრს (შემთხვევითი გუნდის უფლებათა დამცველს), ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით) ირჩევს შემთხვევითი გუნდის მენეჯერი. ნახევარფინალში საბჭოს წევრს (ძირითადი გუნდის უფლებათა დამცველს), დანარჩენი მონაწილეებისაგან ირჩევენ ძირითადი გუნდის მენეჯერები საკუთარი გუნდის წევრებთან კონსულტაციის შედეგად;
11. საბჭოს თავმჯდომარე – გაცნობით შეხვედრაზე და ნახევარფინალში საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება საბჭოს პირველი შემთხვევითი წევრი. ფინალში, საბჭოს თავმჯდომარედ ითვლება ნახევარფინალში არჩეული საბჭოს წევრების მიერ, ფარული კენჭისყრით არჩეული ერთ-ერთი წევრი. საბჭოს წევრს უფლება არ აქვს ხმა მისცეს საკუთარ თავს. სუპერფინალში, საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა საბჭოს წევრთაგან, ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით);
12. დავების უზენაესი საბჭო – დავის განმხილველი ორგანო მხოლოდ სუპერფინალში (შემდეგში – უზენაესი საბჭო). უზენაესი საბჭოს წევრების არჩევის, ასევე უზენაესი საბჭოს მიერ დავის განხილვის წესი განსაზღვრულია ამ წესების მე-9 მუხლით.
მუხლი 2. გაცნობითი შეხვედრა
1. გაცნობით შეხვედრაზე, ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით), გამოვლინდება 5 მენეჯერი;
2. თითო მენეჯერი, ასევე ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით), ირჩევს 4 მონაწილეს თავისი გუნდისთვის და ერთ მონაწილეს, რომელსაც ევალება გუნდის ინტერესების დაცვა დავების საბჭოში;
3. იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი, 5 შემთხვევითი გუნდი და 5 წევრისაგან შემდგარი დავების საბჭო;
4. თამაშის წესების უკეთ გაცნობის მიზნით, შესაძლებელია ჩატარდეს საცდელი თამაში შემთხვევით გუნდებს შორის;
5. კითხვების მოსამზადებლად გუნდებს ეძლევათ ერთი კვირა.
მუხლი 3. კითხვის მომზადების წესი
1. კითხვა უნდა მომზადდეს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კატეგორიებისა და ლინკების გამოყენებით;
2. კითხვა უნდა იძლეოდეს ინფორმაციას საინტერესო ფაქტების, რჩევების, ისტორიული თუ ბიოგრაფიული ცნობების შესახებ;
3. თითოეული კითხვის ბოლოს უნდა მიეთითოს იმ კონკრეტული ინფორმაციის წყარო (ლინკი), რომლის საფუძველზედაც მომზადდა ეს კითხვა;
4. კითხვა მომზადებული უნდა იყოს მარტივი და გასაგები ენით;
5. კითხვა არ ჩაითვლება თუ მისი შინაარსი ჰგავს ასეთ კითხვებს: ვინ არის ფილმ “ჯერი მაგუაიერის” რეჟისორი? რომელ წელს არის გადაღებული ფილმი “მაღლა ცაში”? რა ფერის მანქანა ჰყავს ფილმის გმირს? რომელ წელს დაიბადა სტივ ჯობსი? რა ჰქვია ბილ გეიტსის მეუღლეს? და ა.შ.
6. გუნდის თითოეული წევრი ამზადებს მინიმუმ ორ კითხვას სასურველი კატეგორიიდან, საკუთარი ინიციატივით, ან მენეჯერის დავალებით;
7. სუპერფინალის კითხვები, თამაშამდე 24 საათით ადრე, უნდა შეთანხმდეს ოლიმპიადის გენერალურ მენეჯერთან.
მუხლი 4. კითხვის დასმის წესი და თანმიმდევრობა
1. პირველი რაუნდი:
1.1. აკადემიური, პროფესიული და ზოგადი განათლება;
1.2. პროფესიების აღწერა.
2. მეორე რაუნდი:
2.1. პროფესიონალთა ბიოგრაფიები და რჩევები;
2.2. ბიზნეს ეთიკა და ბიზნესის მართვა.
3. მესამე რაუნდი:
3.1. სამოტივაციო ფილმები.
შენიშვნა: სამოტივაციო ფილმებიდან დასმული კითხვა უნდა შეიცავდეს 4 სავარაუდო პასუხს, საიდანაც მხოლოდ ერთია სწორი;
4. კითხვა უნდა დაისვას ამ მუხლის 1-3 პუნქტებში მოცემული თანმიმდევრობით, თითოეული რაუნდის ქვემოთ განთავსებული კატეგორიებიდან;
5. კითხვას სვამს და პასუხობს გუნდის მენეჯერი, ან გუნდის მის მიერ დასახელებული წევრი;
6. დღის საუკეთსო კითხვად ჩაითვლება კითხვა, რომლის გამოცნობაც შეიძლება როგორც ცოდნის, ისე ლოგიკის გამოყენებით;
7. დღის საუკეთესო კითხვის ავტორთა სახელი და გვარები ქვეყნდება შეხვედრის პრესრელიზში;
8. კითხვა რთულად ან გაუგებრად ითვლება, თუ მისი შინაარსი ვერ გაიგო თამაშის ნახევარზე მეტმა მონაწილემ;
9. გაუგებარი კითხვის ავტორ გუნდს, უფლება აქვს, სანაცვლოდ დასვას მხოლოდ ერთი კითხვა;
10. ზედიზედ ორჯერ, რთული, გაუგებარი ან/და ამ წესების დარღვევით მომზადებული კითხვის დასმის შემთხვევაში, არცერთ გუნდს არ ეწერება ქულა.
მუხლი 5. ქულების დაგროვება
1. გუნდები, კენჭისყრისას გამოვლენილი თანმიმდევრობით, სვამენ თავის მიერ მომზადებულ კითხვებს;
2. ქულა ეთვლება გუნდს, რომელიც ერთი წუთის განმავლობაში სწორად უპასუხებს ამ წესების შესაბამისად დასმულ კითხვას;
3. თუ სწორი პასუხი ვერცერთმა გუნდმა ვერ გამოიცნო, ქულა ეთვლება კითხვის დამსმელ გუნდს.
მუხლი 6. ფრე
1. ფრეს შემთხვევაში, ამ გუნდებს შორის პაექრობისთვის, ემატება რაუნდი, სადაც კითხვას დასვამს ერთ-ერთი გუნდი (გაირკვევა კენჭისყრით);
2. თუ ფრეს რაუნდის მოთამაშე გუნდებიდან ვერცერთმა ვერ გამოიცნო სწორი პასუხი, გამარჯვებული ხდება კითხვის დამსმელი გუნდი;
3. თუ ერთმა გუნდმა დაასახელა სწორი პასუხი, გამარჯვებული ხდება ეს გუნდი;
4. თუ რამოდენიმე გუნდმა დაასახელა სწორი პასუხი, მაშინ მათ შორის პაექრობისთვის, უნდა დაემატოს კიდევ ერთი რაუნდი ამ მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად.
მუხლი 7. აკრძალვები და შეზღუდვები
1. თამაშის დროს დაუშვებელია სმარტფონის, კონსპექტის ან/და სხვა დამხმარე საშუალების გამოყენება გარდა ცარიელი ფურცლებისა და საწერი კალმისა;
2. გულშემატკივართა მხრიდან კარნახის შემთხვევაში გუნდს პასუხი არ ჩაეთვლება;
3. დაუშვებელია ამ წესების დარღვევით მომზადებული კითხვის დასმა.
მუხლი 8. დავის გადაწყვეტის წესი ფინალსა და ნახევარფინალში
1. შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუნდს უფლება აქვს გაასაჩივროს მხოლოდ ორი საკითხი (თითო საკითხთან დაკავშირებით – თითო საჩივარი). ამ მიზნით, მოდავე გუნდის მენეჯერი (მომჩივანი) აღწერს გასაჩივრებულ ფაქტს (ან გასაჩივრებულ კითხვას), ასახელებს არგუმენტებს და მოთხოვნას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საბჭომ. ამისთვის მომჩივანს ეძლევა მაქსიმუმ 1 წუთი;
2. გასაჩივრებული კითხვის ავტორი (მოპასუხე), თუ არ ეთანხმება მომჩივანის არგუმენტებს, ვალდებულია წარადგინოს კონტრარგუმენტები, რომლებიც ადასტურებენ თავისი კითხვის მართებულობას. ამისთვის მოპასუხეს ეძლევა მაქსიმუმ 1 წუთი. თუ მოპასუხე არ წარადგენს კონტრარგუმენტებს, დავა უნდა გადაწყდეს მომჩივანის სასარგებლოდ;
3. მომჩივანისა და მოპასუხის არგუმენტების მოსმენის შემდეგ, საბჭოს ეძლევა 1 წუთი გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ მოპასუხეს მოთხოვონ იმ კონკრეტული ინფორმაციის წყარო (ლინკი), რომლის საფუძველზედაც არის მომზადებული გასაჩივრებული კითხვა;
4. ერთი წუთის შემდეგ, წამყვანი ასახელებს ქვემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებებს, ხოლო საბჭოს წევრები ხელის აწევით ადასტურებენ ან უარყოფენ თანხმობას (ხელის აწევა ნიშნავს 1 ქულას დასახელებული გადაწყვეტილების სასარგებლოდ):
ა) უცვლელი დარჩეს თამაშის შედეგები;
ბ) დავა გადაწყდეს მომჩივანის სასარგებლოდ;
გ) დაემატოს ერთი რაუნდი მოდავე გუნდებს შორის საპაექროდ (მე-6 მუხლის შესაბამისად).
5. წამყვანი აცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა;
6. თანაბრად მაღალი ქულების არსებობის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარეს ეძლევა სიტყვა, ობიექტურ და ლოგიკურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ამოარჩიოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება თანაბარქულიანთა შორის;
7. საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება (გარდა სუპერფინალისა);
8. თამაშის შედეგები უნდა ჩასწორდეს საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა სუპერფინალისა);
9. თუ საბჭოს გადაწყვეტილება არ ემყარება ამ წესებს, ან საბჭოს ვერ გამოაქვს გადაწყვეტილება დადგენილ დროში, თამაშის შედეგები არ იცვლება;
10. დავის გადაწყვეტის წესის დარღვევით გასაჩივრებული ნებისმიერი საჩივარი ბათილია და თამაშის შედეგები არ ექვემდებარება შეცვლას.
მუხლი 9. დავის გადაწყვეტის წესი სუპერფინალში
1. ოლიმპიადის მხარდამჭერ ორგანიზაციათა წარმომადგენლების მიერ იქმნება მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრისგან შემდგარი, დავების უზენაესი საბჭო (შემდეგში – “უზენაესი საბჭო”);
2. თუ სუპერფინალს ესწრება ოლიმპიადის მხარდამჭერ ორგანიზაციათა 5-ზე მეტი წარმომადგენელი, საბჭოს წევრები აირჩევიან საკუთარი სურვილით, ორგანიზატორთა ინიციატივით ან ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით);
3. უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გამოვლინდება ასევე საკუთარი სურვილით, ორგანიზატორთა ინიციატივით ან ღია კენჭისყრით (შემთხვევითი წესით), ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით შერჩეულ 5 წევრს შორის;
4. სუპერფინალში დავის განხილვა უნდა განხორციელდეს შემდეგი თანმიმდევრობით:
4.1. გუნდის საჩივარს განიხილავს დავები საბჭო ამ წესების მე-8 მუხლის შესაბამისად;
4.2. თუ მოდავე გუნდი არ ეთანხმება დავები საბჭოს გადაწყვეტილებას, ამ გუნდის მენეჯერი (მომჩივანი) მიმართავს უზენაეს საბჭოს და ასახელებს არგუმენტებს, თუ რატომ არ ეთანხმება დავების საბჭოს გადაწყვეტილებას. ამისთვის მას ეძლევა 1 წუთი;
4.3. მეორე მოდავე გუნდის მენეჯერს (მოპასუხეს) ეძლევა 1 წუთი მიმართოს უზენაეს საბჭოს კონტრარგუმენტებით;
4.4. თითო საჩივარზე გადაწყვეტილების მისაღებად უზენაეს საბჭოს ეძლევა 1 წუთი.
5. ერთი წუთის შემდეგ, წამყვანი ასახელებს ქვემოთ ჩამოთვლილ გადაწყვეტილებებს, ხოლო უზენაესი საბჭოს წევრები ხელის აწევით ადასტურებენ ან უარყოფენ თანხმობას (ხელის აწევა ნიშნავს 1 ქულას დასახელებული გადაწყვეტილების სასარგებლოდ):
ა) უცვლელი დარჩეს თამაშის შედეგები;
ბ) თამაშის შედეგები ჩასწორდეს დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) დაემატოს ერთი რაუნდი მოდავე გუნდებს შორის საპაექროდ (მე-6 მუხლის შესაბამისად).
6. წამყვანი აცხადებს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა;
7. თანაბრად მაღალი ქულების არსებობის შემთხვევაში, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს ეძლევა სიტყვა, ობიექტურ და ლოგიკურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ამოარჩიოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება თანაბარქულიანთა შორის;
8. უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და თამაშის შედეგები უნდა ჩასწორდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
9. თუ უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილება არ ემყარება ამ წესებს, ან უზენაეს საბჭოს ვერ გამოაქვს გადაწყვეტილება დადგენილ დროში, დავების საბჭოს გადაწყვეტილება არ იცვლება.
თამაშის წესების ვიდეო ვერსია
კითხვის ნიმუშები
https://www.youtube.com/watch?v=KxuoARsVWa8&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZVhttps://www.youtube.com/watch?v=6SPqBY5_sJQ&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=2https://www.youtube.com/watch?v=ICYivDMlENo&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=3https://www.youtube.com/watch?v=lEVhSYpHgWQ&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=4https://www.youtube.com/watch?v=VZmk-JcuCFA&index=5&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZVhttps://www.youtube.com/watch?v=l71XcaNwDJI&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=6https://www.youtube.com/watch?v=ay0v1LJel9A&index=7&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZVhttps://www.youtube.com/watch?v=iNitfxF2hUQ&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=8https://www.youtube.com/watch?v=hosSQaHqL6g&list=PLZwSP1-9iF9HpUcDGQTd5o3pE7YBJ2BZV&index=9
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: ოლიმპიადის ისტორია და მხარდამჭერები
ოლიმპიადის შედეგები იხილეთ აქ: facebook.com/groups/biznesolimpiada/
ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდი იხილეთ აქ: WWW.IBO.GE
© 2016, ოლიმპიადის ავტორია ააიპ – „სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია – SEPIA“
+995 (557) 05 53 33 info@sepia.ge
Facebook
Youtube
Instagram
Google-plus