„ავტომობილების მეფის“ ჰენრი ფორდის გადაწყვეტილებები ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით ყოველთვის საოცრად ზუსტი და მოზომილი იყო. მისი წესები და პრინციპები არასდროს კარგავს აქტუალობას. გაეცანით რამდენიმე მათგანს:
ცვლილებებთან დაკავშირებით:
- არ შეუშინდე მომავალს და თავი არ მოუდრიკო წარსულს; ვისაც მომავლისა და შესაძლო წარუმატებლობის ეშინია, საკუთარი ხელითვე ასამარებს თავის საქმეს;
- ბიზნესი თუ არ ფართოვდება, იფუშება, ჩაფუშული ბიზნესის ხელახლა ფეხზე წამოყენება კი გამუდმებით ითხოვს ახალ-ახალ ფულად დაბანდებას;
- ბიზნესის კანონები ბუნებისას წააგავს – ვინც მას ეწინააღმდეგება მყისვე შეიგრძნობს მისივე ძლევამოსილებას;
- თუკი მიზნად „დაჟანგება“ დავისახეთ, მაშინ საკუთარ სიზარმაცეს უნდა დავემონოთ, მაგრამ თუ ჩვენი მიზანი განვითარებაა, აუცილებელია უთენია გავიღვიძოთ, რომ მთელი დღის განმავლობაშიც შემართებით ვიყოთ;
- კონკურენციას დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ, დაე, მან იმუშაოს, ვისაც საქმე უკეთ გამოსდის; სხვისი ბიზნესის ჩაძირვის მცდელობა დანაშაულია, რადგან ამით მოგებას გამოდევნებული კაცი სხვა ადამიანის ცხოვრების დანგრევაზე ფიქრობს და გონების გამეფების ნაცვლად ძალის გამეფებას ცდილობს.
მოგებასთან დაკავშირებით:
- ყველასათვის სასიკეთო საქმისათვის რაც შეიძლება მეტი თანხა გაიმეტე, საკუთარ მოგებაზე მეტიც კი ჩადე, რადგან მოგების გარეშე ვერც ერთი საქმე ვერ დაიძვრება. სიკეთის მომტან კარგად ორგანიზებულ წარმოებას კარგი შემოსავალიც მოაქვს. მოგება მხოლოდ სასარგებლო სამუშაოს შედეგი უნდ იყოს და არა – ბიზნესის;
- თუკი სამუშაოზე წინ ფულს აყენებ, ამით სამუშაოს ამუხრუჭებ და შრომის ფასსაც აქვეითებ. საქმის ნაცვლად ფულზე ზრუნვა წარუმატებლობის შიშს ბადებს, ეს შიში კი საქმის სწორად გაძღოლას გამორიცხავს და კონკურენციის, ახალი ტექნოლოგიებისა და, საერთოდ ყველაფრის შიშს აბუდებს, რასაც საქმეების სასიკეთოდ შემობრუნება არ შეუძლია;
- კომპანიის მოგების მთავარი წყარო წარმოებაა და არა – ბანკი, განა ბიზნესმენი ფინანსებში არ უნდა ერკვეოდეს, მაგრამ ძალიანაც არ უნდა ჩაუღრმავდეს, რადგან იოლად ჩაითრევს ფინანსური ოპერაციები და აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებს, ისე დასჭირდება დიდი თანხის სესხება აღებული კრედიტების დასაფარავად, ამით კი ფასიანი ქაღალდების ჟონგლიორად გადაიქცევა და არა – სოლიდურ მეწარმედ;
- ჩვენ კრედიტებისა და ბანკის წინააღმდეგი არ ვართ, ჩვენ ვეწინააღმდეგებით მუშაობის კრედიტებით ჩანაცვლებას;
- როგორც ჩანს, ბევრმა დაივიწყა, რომ ბიზნესმენმა ხანდახან ფულიც უნდა დაკარგოს ხოლმე;
- წარმოება იაფად ყიდვასა და ძვირად გაყიდვას არ ნიშნავს, ნედლეული მისაღებ ფასად უნდა შეიძინო და მცირეოდენი ხარჯით გადააქციო მომხმარებელზე ორიენტირებულ მაღალხარისხიან პროდუქტად. კარგად უნდა იცოდე, რომ რბოლაში სპეკულაცია და ბინძური თამაში წარმოებას ამუხრუჭებს!
ცნობილია, რომ ჰენრი ფორდი ერთდროულად ზრუნავდა პროდუქციის გაიაფებასა და ხარისხის ამაღლებაზე, რაც ფაქტობრივად მან შეუძლებელი შეძლო, სწორედ ამით დაიმკვიდრა პირველი ადგილი XX საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენთა შორის.
ვინ არის ჰენრი ფორდი: ჰენრი ფორდის ბიოგრაფია
რჩევები: ჰენრი ფორდის 10 ციტატა წარმატებაზე
მასალის გამოყენების პირობები