SEPtips: გაი კავასაკი – როგორ შევარჩიოთ თანამშრომელი

კანდიტატისთვის კარგი მუშაობა და მრავალმხრივი უნარების ქონა ზოგჯერ საკმარისი არაა, ყველაფერთან ერთად, მათ არანაკლებ უნდა სჯეროდეთ, რომ ამ კომპანიას მსოფლიოს უკეთესობისაკენ შეცვლა შეუძლია. მათ ფანატიკურად უნდა სწამდეთ თავიანთი საქმის რადგან ახალშექმნილ კომპანიაში მუშაობა ადვილი არაა – ხელფასები უფრო დაბალია ვიდრე მსხვილ კომპანიებში, სოციალური პაკეტი არც ისე მიმზიდველია (ან საერთოდ არ არის) და არსებობს რისკი, რომ ფირმა ნებისმიერ დროს გაკოტრდება. ამიტომაც საკუთარი თავის რწმენა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კომპეტენტურობა და გამოცდილება.

საუკეთესო კანდიდატზე ყოველთვის ნადირობენ, ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ, რომ ასეთი კადრები თქვენს გუნდში დაასაქმოთ. ხელმძღვანელთა უმეტესობას ჰგონია, რომ რეკრუტინგული კოზირები (ანუ კანდიდატებისთვის შეთავაზებული სტიმულები) მხოლოდ ხელფასით, აქციათა პაკეტითა და დაზღვევისა თუ სამედიცინო მომსახურების მსგავსი დამატებითი შეღავათებით შემოიფარგლება, სინამდვილეში სტიმული უფრო მეტია:

კონცეფცია – საკმაოდ ბევრნი არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც უმთავრესი ჯილდო ხელფასი არაა, ისინი მზად არიან, იმუშაონ უფრო ნაკლები ანაზღაურების ფასად, ოღონდ საკუთარი შრომით სამყაროს შეცვლის, რაიმე მნიშვნელოვანის შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

გუნდი ნუ შემოიფარგლებით კანდიდატის მხოლოდ პოტენციურ კოლეგებთან და უშუალო ხელმძღვანელთან გასაუბრებით. თუ გყავთ ერთი ორი სუპერვარსკვლავი (ცნობილი/ავტორიტეტული სპეციალისტი), ისინიც ჩართეთ კანდიდატთან გასაუბრების პროცესში.

დირექტორთა საბჭო, კონსულტანტები, ინვესტორები – კარგი იქნება, თუ კანდიდატს ამ ბიჭებსაც შეახვედრებთ, ისინი, როგორც წესი მდიდრები, სახელგანთქმულები და ავტორიტეტულები არიან და შესაბამისად შეუძლიათ დაარწმუნონ კანდიდატი იმუშაოს თქვენს ორგანიზაციაში. ასე, რომ სთხოვეთ მათ ცოტა დრო თქვენს მომავალ თანამშრომლებს (პოტენციურ ავტორიტეტებს) დაუთმონ.

სტრიქონი რეზიუმეში  თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, ცოტა ვინმე თუ ატარებს მთელს თავის კარიერას ერთ კომპანიაში. თუ გაქვთ შანსი, გუნდში მოიზიდოთ სახელმოხვეჭილი სპეციალისტები და მათ რეზიუმეებში მორიგი სტრიქონი დაიკავოთ, ხელიდან ნუ გაუშვებთ მას. გარდა ამისა, ისინი თქვენს კომპანიაში შესაძლოა იმაზე დიდხანს გაჩერდნენ, ვიდრე ოცნებობდით.

მომავალი თანამშრომლის არჩევის შემთხვევაში, თუ ხედავთ, რომ ის მოტივირებულია, უყვარს თავისი საქმე და იცის ამ საქმის საფუძვლები, ნუ იძუნწებთ და ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მან თქვენს კომპანიაში დაიწყოს მუშაობა.

წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).