ფინანსური პროგნოზები ბიზნეს გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. იმისთვის რომ ინვესტორმა კაპიტალი დააბანდოს თქვენს ბიზნესში, მას სურს ხუთწლიანი პროგნოზის ნახვა, რომ უკეთ გაარკვიოს იმ ბიზნესის მასშტაბები, რაშიც დებს ინვესტიციას. ინვესტორმა უნდა განსაზღვროს რა თანხა დაგჭირდებათ და შეისწავლოს თქვენი ბიზნეს მოდელის პერსპექტივები. ოთხი მსოფლიოში ცნობილი კაპიტალისტი გვირჩევს, თუ რისი ნახვა სურთ ინვესტორებს საფინანსო გეგმებში:
ჰეიდი როიზენი (MOBIUS VENTURE CAPITAL): „საფინანსო გეგმაში უნდა ჩანდეს კაპიტალის ბრუნვის პირველი წლის ყოველთვიური, შემდეგ მომდევნო წლის ყოველკვარტალური და ბოლოს ყოველწლიური, სავარაუდო მოგებაზე დაფუძნებული დაწვრილებითი პროგნოზი; აუცილებელია ვიცოდე, რა საორიენტაციო გათვლებით ხელმძღვანელობს მეწარმე, როდესაც ბაზრის საერთო მოცულობის, მასში საკუთარი წილისა და ამ წილის მოსაპოვებლად დასახარჯი თანხების წინასწარ გათვლას აკეთებს“.
მაიკ მორიცი (SEQUOIA CAPITAL): „პროგნოზები არასდროს მართლდება, ამიტომაც მეწარმეებს შეუძლიათ, ზუსტი გათვლების სრული ცხრილის შედგენით თავი არც შეიწუხონ. სინამდვილეში სასტარტო კაპიტალის ინვესტორს მხოლოდ იმის შეფასება უნდა, დაახლოებით რა თანხა დასჭირდება კომპანიას, ვიდრე საკუთარი თავის დაფინანსებას შეძლებს. ჩვენ ყურადღებას ყოველთვის პირველ 18-21 თვეზე ვამახვილებთ. ეს გამომდინარეობს იმ ვარაუდიდან, რომ თუკი კომპანია ამ პერიოდს გადააგორებს, შემდეგ არსებობა უფრო გაუადვილდება“.
გარი შეფერი (MORGENTHALER VENTURES): „ხუთი წელი ბიზნესის დაგეგმვის სტანდარტული პერიოდია. დროის უფრო მჭიდრო ჩარჩოები (მაგალითად სამი წელი) „მოუმწიფებელი“ კომპანიებისთვის გამოდგება. პრაქტიკაში, ინვესტორები მოელიან იმდენწლიანი პროგნოზის ნახვას, რამდენიც საჭიროა საიმისოდ, რომ ბიზნესმა საგრძნობი მოგების მოტანა დაიწყოს. ინვესტორს ისიც დააკმაყოფილებს, თუკი ვადა ხუთ წელს აღემატება – მთავარია, ამ ინფორმაციამ გააგებინოს, რა რაოდენობის თანხა დასჭირდება კომპანიას, რომ მომგებიანი გახდეს. აი, მთავარი რამ, რაც მიახლოებით მაინც უნდა იცოდნენ ინვესტორებმა“.
სტივ ჯარვეტსონი (DRAPER, FISHER, JURVETSON): „ნებისმიერი ბიზნეს გეგმა შეიცავს ფინანსურ პროგნოზებს, რომლებიც თავიდან ძალიან მოკრძალებული ციფრებით იწყება და უკვე მესამე წლისათვის აბსურდულად დიდ მოგებას გვპირდება. როგორც წესი, ასეთ გათვლებს ჩვენ სერიოზულად არ აღვიქვამთ, მაგრამ პროგნოზი თავისთავად იმითაა სასარგებლო, რომ მეწარმის ოპტიმიზმსა და ზრდის პოტენციალს გვიჩვენებს. თუმცა თავად პროგნოზზე უფრო მნიშვნელოვანია მეწარმის მსჯელობა, რომლის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნები ბიზნესმოდელის, ბაზრის მოცულობის, ფასწარმოქმნის, გავრცელების არხებისა და მის შედეგად საერთო მოგებისა თუ კაპიტალტევადობის შესახებ. მთავარი ისაა, რომ გვინდა ფული ჩავდოთ ისეთ კომპანიებში, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურთ, ამიტომ საუბრის დასაწყებად ნახევარგვერდიანი ფინანსური პროგნოზი და განვითარების საკვანძო აქტორების კარგად დასაბუთებული ჩამონათვალიც საკმარისია“.