ბიზნესზე ყოველთვის ისე ვლაპარაკობ, როგორც ხელოვნებაზე. ყოველთვის მომწონდა ენდი უორჰოლის გამონათქვამი – „ფულის გამომუშავება ხელოვნებაა, მუშაობაც ხელოვნებაა, წარმატებული ბიზნესის კეთება კი ორმაგი ხელოვნებაა“. ბევრს მიაჩნია, რომ მე დაბადებით ბიზნესმენი ვარ, გარკვეულწილად მართალს ამბობენ, თუმცა მეწარმეობის უნარი – ეს წლების განმავლობაში, შეუპოვარი შრომით შეძენილი ჩვევებია. როგორ გამოვიმუშაოთ ასეთი ჩვევები?
ისევე როგორც სპორტსა და მუსიკაში, ბიზნესშიც აუცილებელია ყურადღების გამახვილება დეტალებზე და ბევრი ვარჯიში, ყველაფერი მსუბუქად და ძალდაუტანებლად უნდა კეთდებოდეს. მაგალითად, როდესაც სტუდენტი ვიყავი ყოველთვის იმაზე მეტს ვაკეთებდი, ვიდრე ჩემგან მოელოდნენ, იმაზე მეტ დავალებას ვასრულებდი, ვიდრე გვთხოვდნენ, იმ საქმეს ვაკეთებდი რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ჩემი სურვილით და ჩემი ინიციატივით. წარმატება ბიზნესში, ისევე როგორც ხელოვნების რომელიმე დარგში, ესაა მიზანმიმართული და გულმოდგინე მუშაობის შედეგი, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი სურვილითა და ინიციატივით.
ადამიანები, თავის საქმეში გარკვეულ სიმაღლეებს რომ მიაღწევენ, გენიოსებად გვეჩვენებიან. კარგად თუ დააკვირდებით, მათი წარმატება სხვა არაფერია თუ არა მათივე დაუღალავი შრომის შედეგი. ვფიქრობ, ბიზნესი – ეს არის უნარი წარმატებით აკეთო შენი საქმე, შენი საყვარელი საქმე, რომლის კეთებაც არასდროს გბეზრდება, რომლის გამოც მზად ხარ ღამე გაათენო. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის რა არის თავისი საყვარელი საქმე და თუ იპოვა რომელია ასეთი საქმე, აუცილებლად აღწევს წარმატებას ამ საქმეში. შეუპოვარი და გონივრული შრომა ხელიხელჩაკიდებული უნდა დადიოდნენ, ადამიანი მუდმივად უნდა ეძებდეს თავის საყვარელ საქმეს, უნდა ეძებდეს არა ერთსა და ორს, არამედ რამდენის ინტერესიც აქვს და რამდენზედაც ეყოფა თავისუფალი დრო.
თავისუფალი დრო უმეტესწილად სტუდენტობის პერიოდში აქვს ადამიანს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტუდენტობის ასაკში მაქსიმალურად ბევრ სფეროში მოსინჯოს ადამიანმა ძალები. მნიშვნელობა არ აქვს, ცეკვა იქნება ეს, სიმღერა, მხატვრობა, ჟურნალისტიკა თუ რა, მთავარია ადამიანმა იპოვოს თავისი საყვარელი საქმე, საქმე რომლის კეთებაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას გვრის და რომლის კეთების დროსაც ვერ გრძნობს დაღლასა და შიმშილს. შეიძლება ადამიანი ფლობდეს ბიზნესისათვის საჭირო უნარებს, მაგრამ თუ ამ საქმის სიყვარული და ინტერესი არ აქვს, ამ უნარებს თავის სასრგებლოდ ვერ გამოიყენებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი საქმიანობა თუ ჰობი, მაგალითად ხატვა, ფორტეპიანოზე დაკვრა ან თუნდაც გოლფის თამაში, რომელთაც არაფერი აკავშირებთ უშუალოდ სამუშაოსთან, შეიძლება შეუცვლელ „დესერტად“ იქცეს თქვენი საქმიანი ცხოვრების კიდევ უფრო საინტერესოდ და სრულყოფილად ორგანიზებისთვის.
ბიზნესში დიდი მნიშვნელობა აქვს ძველის განახლებას, ახლის შექმნას ან ძველისა და ახლის ერთმანეთთან შერწყმას. სწორედ აქ ვლინდება ხელოვნებასთან მისი მსგავსება. ისმის კითხვა – შეიძლება თუ არა ბიზნესში წარმატების უნარი, ისევე როგორც ხელოვნებაში, ბუნებრივ ნიჭად ჩავთვალოთ? ჩემი აზრით, წარმატება ესაა უნარების, შრომისა და იღბალის თანხვედრა, როგორც ხელოვნებაში, ისე ბიზნესში. იპოვეთ თქვენი საყვარელი საქმე, დახელოვნდით ამ საქმეში და მერწმუნეთ, იღბალი უმეტესწილად თქვენს მხარეს იქნება. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მეტი საქმე გიყვართ, ანუ რაც უფრო მეტ საქმეში დახელოვნდებით, მით უფრო ბევრ სფეროში გაქვთ შანსი ააწყოთ წარმატებული ბიზნესი.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით
ვინ არის დონალდ ტრამპი: ბიოგრაფია: დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპის სხვა რჩევები:
SEPtips: დონალდ ტრამპი – განეწყვეთ სამუშაოსთვის
SEPtips: დონალდ ტრამპის ცხოვრების წესები
SEPtips: დონალდ ტრამპი – ისწავლეთ შეცდომებსა და წარუმატებლობაზე
SEPtips: დონალდ ტრამპი – ინოვაცია
მეტი: ვიკიპედია დონალდ ტრამპის შესახებ