ვალდებულებათა მართვა ზოგიერთ ძირითად მოქმედებასა და გარკვეული ტიპის ქცევას მოითხოვს:
- უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუკი თავში ამა თუ იმ ვალდებულებაზე ფიქრი გაუთავებლად გიტრიალებთ, ვეღარ ვიტყვით, რომ კამკამა წყალივით დაწმენდილი გონება გაქვთ. ყველა საქმეს, რომელიც თქვენი აზრით მეტ-ნაკლებად დაუსრულებელია, გონებაში კი არა, სადმე საიმედო ადგილას უნდა მოუყაროთ თავი, ასე ვთქვათ საიმედო სისტემაში უნდა გავაერთიანოთ, რომელსაც დრო და დრო თვალს გადაავლებთ და მასში დაცული ჩამონათვალიდან მიზანმიმართულად ამოარჩევთ იმ მომენტისათვის გასაკეთებელ საქმეს.
- გარდა ამისა ზუსტად უნდა განსაზღვროთ, თუ რაში მდგომარეობს თქვენი ვალდებულება და გადაწყვიტოთ, რა უნდა გააკეთოთ ამ ვალდებულების შესასრულებლად.
- მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდებით თუ რა უნდა გააკეთოთ, ყველა მოქმედებასთან დაკავშირებულ შეხსენებას ერთ სისტემაში მოუყარეთ თავი, რომელსაც რეგულარულად გადახედავთ. გონების ზედმეტი საფიქრალისგან გაწმენდის საქმეს გონებითვე უნდა მიუდგეთ.
მაგალითად:
ფურცელზე ჩამოაყალიბეთ პროექტი ანდა სიტუაცია, რომელიც ახლა არის თქვენთვის აქტუალური. ყველაზე მეტად რა გაწუხებთ, რა გიფანტავთ ყურადღებას? ანდა რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად? შეიძლება თქვენი მთავარი საფიქრალი ახლა პროექტია, რომელზეც მუშაობთ… შეიძლება უბრალოდ ისეთ სიტუაციაში იმყოფებით, რომლიდანაც გამოსავალი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოძებნოთ… შეიძლება მიიღეთ ელექტრონული შეტყობინება, რომ თქვენმა დეპარტამენტმა რაღაც საკითხი აუცილებლად უნდა მოაგვაროს, ან მემკვიდრეობით მიიღეთ ექვსი მილიონი დოლარი და არ იცით ამ ფულს რა მოუხერხოთ… ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
ახლა კი ერთადერთი წინადადება დაწერეთ, რომელშიც აღწრილი იქნება მოცემული სიტუაციიდან გამოსავალი: „მოვაგვარო ამა და ამ კლიენტთან დაკავშირებული პრობლემები“; „დავნერგო ახალი საინვესტიციო სტრატეგია“ და ა.შ. ამის შემდეგ დაწერეთ რას მოიქმოქმედებთ პირველად ამ საქმის დასაწყებად: ტელეფონზე დარეკავდით? ელექტრონული ფოსტით ისარგებლებდით? ინფორმაციის მოსაძიებლად ინტერნეტ საიტებს დაათვალიერებდით? მაინც რას იზამდით? ამჯერად ფიქრს სულ ორიოდე წუთი მოანდომეთ – უკვე მეტად მოტივირებული ხართ, რომ გააკეთოთ რაღაც, რაც ამ ვითარებიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ.
ახლა უფრო ნათლად გაქვთ წარმოდგენილი, საბოლოოდ რა შედეგის მიღწევა გსურთ და რა არის მიზნის მისაღწევად თქვენს მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თქვენ მოახერხეთ პრობლემაზე ფოკუსირება და გონების დაწმენდა, რაც ფიქრის და განსჯის შედეგია, თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა თუ რაში მდგომარეობს თქვენი ვალდებულება და რა რესურსს მოითხოვს მისი განხორციელება. აუცილებელია იფიქროთ შედეგზე, საბოლოო მიზანზე და არა ამა თუ იმ პროექტზე ან სიტუაციაზე.
ცნობიერების ფოკუსირების გარეშე მიზანსა და საჭირო მოქმედებებზე ფიქრი პრაქტიკულად შეუძლებელია.
წყარო: საქმესთან გამკლავების ხელოვნება
რჩევები: SEPtips: დევიდ ალენი – როგორ ვმართოთ ვალდებულებები
მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ