სვიტერის მსგავსი სამოსი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გაჩნდა. მეომრებს შალის ბლუზები ეცვათ – გვერდებზე ჩახსნილი, შესაკრავის გარეშე. ეცვათ ასევე შალის შავი ან ყავისფერი პერანგები. თანამედროვესთან მიახლოვებული სვიტერი მე 19 საუკუნის შუა წლებში შეიქმნა ჩრდილოევროპელთა ყოველდღიური სამოსის მიხედვით. 1851 წელს ოქსფორდის ლექსიკონში ამ სახის სამოსის აღსანიშნავად შეიტანეს სიტყვა Guernsey – სახელწოდება კუნძულ გერნსისა, რომელიც შალის ნაწარმით იყო ცნობილი.

პირველი სვიტერი ირლანდიელ და შოტლანდიელ მეთევზეთა და მეზღვაურთათვის შეიქმნა. შალის სვიტერი ძალზე პრაქტიკული და საიმედო იყო წვიმისა და ტალღების შხეფებისგან თავდასასცავად. იმ პერიოდში სვიტერებს ქსოვდნენ ინგლისური ცხვრის, აქლემის, ლამის, კურდღლის, იაკის, თხის მატყლისაგან დამზადებული შალის ძაფით. მე 19 საუკუნის ბოლოს ევროპაში სვიტერს გახდომის ერთ – ერთ საშუალებად იყენებდნენ: ექიმები პაციენტებს ფიზიკური ვარჯიშისას შალის სვიტერის ჩაცმას ურჩევდნენ, რადგან ინტენსიური ოფლის გამოყოფა ხელს უწყობს ცხიმების წვას. სწორედ მაშინ გაჩნდა სხელწოდება Sweater, ინგლისური სიტყვიდან Sweat – გაოფლიანება.

მე 20 საუკუნეში სვიტერი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ზამთრის სპორტის სახეობებით გატაცებულთა შორის. რაც შეეხება ფერსა და ორნამენტებს, მოდის ტენდენციების შესაბამისად, ისინი მუდმივად იცვლებოდა. თავიდან სვიტერი ლურჯი ან შავი იყო, შემდეგ კი დიზაინერთა ფანტაზიას ფართო გასაქანი მიეცა. არჩევანი ფართო იყო და როგორც ყოველთვის, პოპულარობა ამ სამოსსაც ჰოლივუდურმა ფილმებმა შესძინა. სვიტერში გამოწყობილი „მზიური ველის სერენადის მთავარი გმირი თუ მერილინ მონროს შთამაგონებელი ფოტოსესია შავი „როლინგით“ ყველას მოანდომებდა ამ მოდური სამოსის მორგებას.

ეს სამოსი ყოველთვის მოდური და აქტუალურია და აუცილებლად უნდა იყოს ქალის გარდერობში 😉

წყარო: 20 რამ, რაც ყოველთვის მოდურია
მასალის გამოყენების პირობები