მთავარია, გიყვარდეს საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებ. მხოლოდ პოზიტიურ და ბედნიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა. იმისათვის, რომ ოცნება აისრულო, ხშირად უნდა გარისკო – გარისკო ყველაფრით, რაც გაგაჩნია. ყოველთვის გახსოვდეს შენი გზის დასაწყისი – ოცნებიდან მის ასრულებამდე – სწორედ ეს არის მოკლედ დიდი მულტიპლიკატორის, უოლტ დისნეის წარმატების საიდუმლო. მან, არც თუ ბედნიერი ბავშვობის შემდეგ შეძლო და აისრულა ოცნება, რომელმაც მთელს მსოფლიოს სიხარული მოუტანა. მისი მულტფილმები დღეს კლასიკაა. ფული, უოლტ დისნეის ცხოვრებაში იყო მხოლოდ საშუალება, რომ განეხორციელებინა თავისი იდეები, ის ზოგჯერ წარუმატებლადაც რისკავდა, მაგრამ ფარ-ხმალი არასდროს დაუყრია.

მსოფლიოში ცნობილი მულტიპლიკატორი, „დისნეილენდის“ დამაარსებელი, უოლტ დისნეი დაიბადა 1901 წელს ილინოისის შტატის, ქალაქ ჩიკაგოში. მამა ირლანდიელი, დედა კი გერმანელი ემიგრანტების შთამომავალი იყო. მათ ხუთი შვილი ჰყავდათ – ოთხი ბიჭი და ერთი ქალიშვილი. უოლტი მათ შორის ნაბოლარა იყო. უოლტის მამა, ელიას დისნეი – პროფესიით ხურო იყო, ხოლო დედა, ფლორა – მასწავლებელი. ჩიკაგო იმ პერიოდში სწრაფად მზარდ და განვითარებად ქალაქს წარმოადგენდა, ის თვალსა და ხელს შუა გიგანტური სამრეწველო ცენტრი ხდებოდა, ამავე დროს ხშირი იყო კრიმინალური დანაშაული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სიღარიბესთან ერთად, რის გამოც დისნეების ოჯახი 1906 წელს ჩიკაგოდან გადასახლდა.

პატარა უოლტმა ხატვის ნიჭი ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა, მაგრამ მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება მისთვის სახატავი ფანქრები და ქაღალდი ეყიდათ. მარსელინში ჩასვლიდან მოკლე ხანში, პატარა უოლტს უკვე მცხოვრებთა უმეტესი ნაწილი კარგად იცნობდა, მისი ცნობისმოყვარეობით და მხიარული ხასიათით. მან მეზობელს შვიდი წლის ასაკში საყვარელი ცხენი დაუხატა, რაშიც მეზობელმა მას 25 ცენტი გადაუხადა. მოგვიანებით დისნეი ამბობდა, რომ სწორედ ამ წარმატებულმა ნახატმა უბიძდა მას მხატვრობისაკენ. მას განსაკუთრებით უყვარდა ცხოველები და ცდილობდა ეზრუნა მათზე.

ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც დაიფიცა, როცა გაიზრდებოდა, ბავშვებისთვის აუცილებლად ააშენებდა უზარმაზარ გასართობ სახლს ძალიან დიდი ბაღით, სადაც ბავშვები დაუსრულებლად ითამაშებდნენ. მან ეს ფიცი 40 წლის შემდეგ შეასრულა, როდესაც „დისნეილენდს“ შეასხა ხორცი.

დისნეი ხატავდა და ამავე დროს ქმნიდა ისეთ პერსონაჯებს, რომლებიც ეკრანზე ცოცხლდებოდნენ. მისთვის ისინი იყვნენ ცოცხალი არსებები, რომლებიც დისნეის ბედსსაც კი განაპირობებდნენ. ის გახდა პროფესიონალი მხატვარი, ასრულებდა დაკვეთებს, რაშიც გასამრჯელოს იღებდა. 19 წლის იყო, როდეს ფეხი შედგა კინოსარეკლამო კომპანიის პირველ საფეხურზე და აქედან დაიწყო მისი წინსვლა ოცნების სიმაღლეებისაკენ. ფაქტობრივად, დისნეისთან ერთად იქმნებოდა ანიმაციის ანბანი.

1923 წელის ზაფხულში უოლტ დისნეი ჰოლივუდში ჩავიდა – ეს იყო ადგილი, სადაც ადამიანები ბედნიერების საძიებლად ჩადიოდნენ. დიდი შრომის წყალობით უოლტ დისნეიმ თავის ძმასთან როისთან ერთად დაარსა პატარა სტუდია, რომელიც შემდგომში გაიზარდა და 1926 წელს Walt Disney Studio დაარქვეს. ამჟამად უოლტ დისნეის კინოსტუდიები, გასართობი პარკები და ცენტრები, ასევე მედიაკორპორაციები რამოდენიმე მილიარდი დოლარის შემომტან ინდუსტრიად იქცნენ; უოლტ დისნეის კომპანია ფლობს ხუთ დასავენებელ ცენტრს, 11 გასართობ პარკს, 39 სასტუმროს, რვა კინოსტუდიას, ექვს ხმისჩამწერ სტუდიას, 11 საკაბელო ტელეარხს და ერთ დიდი სატელევიზიო ქსელს; მისმა საბაზრო კაპიტალმა 122 მილიარდი დოლარი შეადგინა.

უოლტ დისნეი 1966 წლის 15 დეკემბერს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. 1968 წელს, სიკვდილის შემდეგ, ის დააჯილდოვეს კონგრესის ოქროს მედლით. წარმატებული მულტიპლიკატორი ცდილობდა, რომ სხვა ადამიანებისთვის სწავლის საშუალება მიეცა, ის იყო  კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტის შექმნის (1961) ერთ-ერთი ინიციატორი.