უორენ ბაფეტი ყველაზე ცნობილი და მდიდარი ინვესტორია მსოფლიოში. „ფორბსის“ 2014 წლის მონაცემებით, იგი მეოთხე ადგილზეა პლანეტის მილიარდერთა სიაში. მისი ქონება 58,2 მლრდ დოლარით არის შეფასებული.
ბაფეტი დაიბადა 1930 წელს ამერიკაში, ომაჰაში. ის ბიზნესმენ ჰოვარდ ბაფეტის ერთადერთი ვაჟია – ოჯახში მის გარდა ორი გოგონა იზრდებოდა. 1942 წელს მამამისმა აშშ-ის კონგრესის არჩევნებში გაიმარჯვა და ოჯახი ვაშინგტონშო გადავიდა საცხოვრებლად, სწორედ იქ დაასრულა განათლება ბაფეტმა.
ექვსი წლის იყო, როცა 25 ცენტად იყიდა პაპის მაღაზიაში ყუთი კოკა-კოლათი, მერე კი თითოეული, ექვსი ბოთლი, 5 ცენტად გაყიდა. საბოლოოდ 30 ცენტი მიიღო და 5 ცენტი მოიგო. ეს მომავალი მილიარდერის პირველი მომგებიანი საქმე იყო.
11 წლისამ ბირჟაზე სცადა ბედი – დასთან ერთად ერთი-ერთი კომპანიის პრივილეგირებული აქციები იყიდა და მერე გაყიდა. 13 წლისამ შეადგინა თავისი პირველი შემოსავლების დეკლარაცია, რომელშიც უკვე ჩანდა მისი საქმოსნური ნიჭი.
პირველი კაპიტალი, 10 000 დოლარი მას მერე გამოიმუშავა, რაც ბიზნესიდეა – საპარიკმახეროში პინბოლის ავტომატების დამონტაჟება – სარფიანად გაყიდა, მერე და მერე სულ უფრო სერიოზული გახდა მისი გეგმები, მიზნები და საქმიანობა.
გარდა იმისა, რომ ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, დიდი ქველმოქმედიც არის. 2010 წელს უანგაროდ გადასცა თავისი ქონების 50% , დაახლოებით 37 მლრდ დოლარი, ხუთ საქველმოქმედო ფონდს. თანხების დიდი ნაწილი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მმართველობაში გადავიდა. ეს ყველაზე გულუხვი საქველმოქმედო აქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).