SEPtips: რიჩარდ ბრენსონის ცხოვრების წესები

ფრაზა: „თქვენი ზარი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია“ გაღიზიანებასა და სიბრაზეს იწვევს, აი, რას ისმენენ ავიაკომპანია Virgin Atlantic-ის კლიენტები: „გამარჯობა, მე რიჩარდ ბრენსონი ვარ, ავიაკომპანიის მფლობელი. ამჟამად ყველა ოპერატორი დაკავებულია, რაც ძალიან არ მომწონს, ამიტომ, მოდით, ასე მოვიქცეთ: თუ 18 წამში არავინ გიპასუხებთ, 450 ფუნტიან ფასდაკლებას მიიღებთ. უკუთვლას ვიწყებ: 18, 17, 16..“ კლიენტი ამას ისმენს და მხოლოდ იმაზე ოცნებობს, ოპერატორმა არ უპასუხოს. ეს რიჩარდ ბრენსონის იდეაა – ბრენსონი გახლავთ ადამიანი, რომელმაც სულ რაღაც 10 წელიწადში, პატარა მუსიკალური მაღაზია გიგანტურ, მრავალპროფილიან ბიზნესად აქცია,რომელიც ახლა უკვე პლანეტის ყველა კონტინენტზეა.

ჟურნალმა „OK“-მ გამოაქვეყნა მისი ძალიან საინტერესო და პრაქტიკული გამონათქვამები:

1. თუ მეწარმე ხართ და შეცდომები არ დაგიშვიათ, ე.ი. მეწარმე არ ყოფილხართ;
2. თუ საქმე არ მოგწონთ, ხელს ნუ მოკიდებთ;
3. ბიზნესს ყოველთვის სასიამოვნო გართობად აღვიქვამ და ზოგჯერ მავიწყდება, სად მთავრდება საქმე და სად იწყება პირადი ცხოვრება;
4. ჩემი სიამაყე შეცდომების აღიარებაში ხელს არასოდეს მიშლის;
5. ყოველთვის მიხარია, როდესაც ცუდად მემსახურებიან, არა, მაზოხისტი არ ვარ, უბრალოდ, ყველა საუკეთესო იდეა თავში სწორედ ასეთ დროს მომდის ხოლმე;
6. სხვების აზრის მოსასმენად ყოველთვის მზად ვარ, ეს ჩემი 40-წლიანი ბიზნესკარიერის მანძილზე ყოველთვის მეხმარება;
7. მეწარმეობაში კონსერვატიული ტიპის აზროვნების ადგილი არ არის, ის ფრთებს გაჭრით, გასუსტებთ, ფაქტების შეფასების საშუალებას არ გაძლევთ და ბოლოს, გკლავთ.
8. დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება შეგაჩეროს საზიზღარმა და საცოდავმა სიტყვამ „აკრძალულია!“
9. ჩემთვის ბიზნესის შექმნა ნიშნავს იმის გაკეთებას, რითაც ვიამაყებ, ასევე, ნიჭიერი ადამიანების გარშემო შემოკრებას რაღაცისთვის, რაც გარშემომყოფების ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.
10. გათვლილ რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ, ზოგჯერ ხვალინდელი ქათამი დღევანდელ კვერცხს ჯობია.
11. გაცილებით უკეთესია, ნაკლებს შეპირდე და მეტი მისცე, ვიდრე – პირიქით.
12. ჩემთვის მოსასმენად იმაზე უარესი არაფერია, როდესაც თანამშრომლები უფროსობის გამო, ბოდიშს იხდიან ხოლმე.
13. ბიზნესში, ისევე როგორც ცხოვრებაში, სიკეთის გაკეთება მნიშვნელოვანია.
14. მიმოწერას ადამიანებთან პირისპირ საუბარი დღემდე მირჩევნია.
15. ჩემი ყველაზე დიდი დამსახურებაა არის ის, რომ ადამიანებს დამოუკიდებლობას ვაძლევდი, ამასთან ერთად, პასუხისმგებლობასაც ვაკისრებდი და ყოველთვის მზად ვიყავი, დავხმარებოდი და მიზნების მისაღწევად, მათთვის ბიძგი მიმეცა.
16. ჩემს ცხოვრებას თავად ვქმნიდი. კაბინეტებს მუდმივად ვერიდებოდი, ჩემი სამუშაო ადგილებია: იახტა, ჰამაკი და სახლი.
17. გახსოვდეთ: სიკვდილის წინ არასოდეს არავის უნანია, რომ ოფისში ცოტა დრო გაატარა.
18. როდესაც ხალათი მაცვია, მაშინაც ბიზნესმენი ვარ და მერწმუნეთ, ამ შეგრძნებას მკაცრი კოსტიუმი სულაც არ ამძაფრებს!
19. დროდადრო ყველა ორგანიზაციის ყველა დირექტორმა კოსტიუმი უნდა გაიხადოს და ხელები დაისვაროს!
20. აცნობეთ თქვენს თანამშრომლებს პირადი ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, ისინი უმიზეზოდ არასოდეს შეგაწუხებენ. სამაგიეროდ, ეს მათ მძლავრ ფსიქოლოგიურ სტიმულს მისცემს: ეცოდინებათ, რომ თუ პრობლემის გადაწყვეტაში დასჭირდებით, შეძლებენ ნებისმიერ დროს მოგმართონ.
21. წარმატება თავისით არ მოდის, ამისთვის მუშაობაა საჭირო.
22. არასოდეს მითქვამს: „ამას ვერ ვიზამ, არ ვიცი, როგორ კეთდება“, ყოველთვის შევეცდები და სულელურ წესებს ჩემი შეჩერების უფლებას არ მივცემ!
23. როდესაც რამე ბედნიერებას აღარ მანიჭებს, ცვლილებებზე ფიქრს ვიწყებ, ცხოვრება ზედმეტად მოკლეა იმისთვის, დაღვრემილმა რომ იარო.
24. ჩემი ლოზუნგია: მხიარულად იცხოვრე და ფული მოვა!
25. ცხოვრებაში ყოველთვის რაღაცას პოულობ, რაღაცას კარგავ, გამარჯვებისას ბედნიერი იყავი, წაგებაზე გული ნუ დაგწყდება, უბრალოდ, შეეცადე, შეცდომებზე ისწავლო.
26. თუ ახალ ბიზნესს იწყებთ და რჩევას მთხოვთ, გიპასუხებთ: „ნებისმიერი შეთანხმებისას პატიოსნად მოიქეცით, არ იყალთაბანდოთ, მაგრამ მიზნად გამარჯვება დაისახეთ“.
27. ყველაზე მთავარი, რასაც ვესწრაფვი, ვინმესთვის მიცემული პირობის შესრულებაა.
28. ბიზნესში მორალს დიდი დატვირთვა აქვს.
29. წარმატება, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეწვიათ, მთელი ცხოვრება ვერ დაგაპურებთ.
30. ადამიანებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც საკუთარ თავს და შეიძლება, ცოტა უკეთესადაც.
31. ფული წარმატების ცუდი მაჩვენებელია, ამაზე უარესი მხოლოდ დიდებაა.
32. თუ მკითხავთ, ყველაზე მეტად რას ვენდობი, გეტყვით: ჩემს ოჯახს.
33. ბედნიერი ადამიანი ვარ, ყოველთვის ვიცინი, ადამიანები, კარგი იუმორი, ცხოვრება მიყვარს…
34. ვფიქრობ, სანამ არ წავიქცევი, ვერაფერი გამაჩერებს.
35. მტკიცედ მწამს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია!

წყარო: ჰიპი-მილიარდერის ცხოვრების წესები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).