ლი კა-შინი უმდიდრესი ადამიანია არა მხოლოდ ჩინეთსა და ჰონკონგში, არამედ მთელს აღმოსავლეთ აზიაში. 84 წლის მეწარმე 31 მლრდ დოლარის მფლობელია.

ის იმ მილიარდერთა რიცხვშია, რომელთაც ზღაპრული სიმდიდრის დაგროვება ნულიდან დაიწყეს. ბევრი ხუმრობს, რომ ჰონკონგში დახარჯული ყოველი ხუთი ცენტი ლი კა-შინის ჯიბეში მიდის – იმდენად მრავალგვარი საქმიანობის სფერო აქვს ამ ადამიანს.

დღეს ის ჰონკონგში ცხოვრობს და მუშაობს. ჰონკონგსა და მსოფლიოს 53 ქვეყანაში აქვს დიდი კომპანიები, რომლებშიც, საერთო ჯამში, 270 ათასზე მეტი კაცია დასაქმებული. მისი საქმიანობის სფეროებია –  მობილური კავშირი, ელექტროენერგია, საცალო ვაჭრობის ბაზარი, სამშენებლო კომპანიები, ჰონკონგის პორტი და ა.შ.

ლი კა-შინი დაიბადა 1928 წელს ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში, ღარიბი მასწავლებლის ოჯახში. 10 წლის ასაკში ტუბერკულიოზით დაავადდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. 1940 წელს მისი ოჯახი იაპონიის მიერ ჩინეთის დაპყრობის მცდელობებს ჰონკონგში გაექცა, სადაც მდიდარმა ნათესავმა შეიკედლა. ლის მამა, რომელსაც მკურნალობის ფული არ ჰქონდა, მალე ემსხვერპლა ტუბერკულოზს. დაობლებულმა მოზარდმა ხუთი კლასიც ვერ დაასრულა, ისე დაიწყო საარსებო ფულის შოვნაზე ფიქრი. თავიდან საათების სამაჯურებს ყიდდა,  მერე კი პლასტმასის ყვავილების დამამზადებელ ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. ცვლის დასრულების შემდეგ ღამის სკოლაში დადიოდა.

მწირი სასტარტო კაპიტალის დააგროვების შემდეგ, სპეციალური განათლების უქონელმა ლიმ, საცალო ვაჭრობით დაიწყო კარიერა. მოგვიანებით კი პლასტმასის ნაწარმის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. საოცარი ალღოსა და საქმოსნური ნიჭის წყალობით, მისი კომპანია მალე გაიზარდა როცა მან აშშ-ში დაიწყო ხელოვნური ყვავილების გაყიდვა. მოგვიანებით პლასტმასის სათამაშოების გამოშვებასაც შეუდგა, მიღებული შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა და დღეს უდიდესი იმპერიის მფლობელია.