ბერნარ ეტინე ჟან ანრო 1949 წლის 5 მარტს საფრანგეთ – ბელგიის საზღვართან ახლოს, ქალაქ რუბესთან, პატარა ფრანგულ დასახლება კრუაში დაიბადა. მამამისი ჟან ანრო სამხედრო მოსამსახურეების შთამომავალი იყო. მომავალი ოლიგარქის დედაც, ასევე შეძლებული ოჯახიდან გახლდათ, რომლის მამამ, წინაპრებისგან მიღებული მემკივიდრეობით შექმნა სამშენებლო კომპანია Ferret – Savinel სადაც სიძეს, ბერნარის მამას –> ჟანს დააწყებინა მუშაობა. მემკვიდრეობით მიღებული ქონებით ბერნარ არნოსაც უშფოთველად შეეძლო ცხოვრება, თუმცა მან, მშვიდ ყოფას ცხოვრებისეული გამოწვევები არჩია.

ის საფრანგეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სკოლა Ecole Polytechnique – ში სწავლობდა, 21 წლის ბერნარმა ინჟინრის დიპლომი მიიღო, თუმცა სპეციალობით თითქმის არ უმუშავია. პარიზის პოლიტექნიკური სკოლის დამთავრებისთანავე, მამის სრულუფლებიანი კომპანიონი გახდა. იმ პერიოდისთვის კომპანია Ferret – Savinel-ში ხუთასამდე ადამიანი იყო დასაქმებული და იგი ერთ-ერთ წამყვან კომპანიად მიიჩნეოდა. მამამ, ბერნარს მალევე გამოუცხადა ნდობა და ოჯახური ბიზნესის მართვა ჩააბარა. სამშენებლო კომპანია ახალგაზრდის ინტერესებს და ამბიციებს ნაკლებად აკმაყოფილებდა. არნომ გადაწყვიტა, საოჯახო ბიზნესი ,,როტშილდის ჯგუფისთვის” მიეყიდა, რის შესახებაც მამას, მხოლოდ გარიგების დასრულების შემდეგ შეატყობინა.

1981 წელს საოჯახო კომპანიის გაყიდვის შემდეგ, არნო რამდენიმე წლით ამერიკაში გაემგზავრა. იმ პერიოდში აშშ-ში კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის ბუმი მძინვარებდა. ბერნარ არნომ ახალი სამშენებლო ფირმა Ferrinel –ი დაარეგისტრირა და იაფასიანი სახლების მშენებლობას მიჰყო ხელი, პარალელურად, ბიზნესის წარმოების საგულდაგულოდ შესწავლა დაიწყო. ამერიკაში  რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ ბერნარმა სამი რამ დაასკვნა:

1. აშშ – ში ფრანგულ სამშენებლო კომპანიებს არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდათ.

2. ყველაზე დიდ ფულს ,,ხმაურიანი სახელები” აკეთებდნენ.

3. ახლის შექმნას უკვე არსებულის ხელში ჩაგდება და განვითარება სჯობს.

საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ბერნარ არნო კომპანიების ხელში ჩაგდების ამერიკული მეთოდების განხორციელებას შეუდგა. მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შეექმნა კომპანია, რომელიც ფუფუნების საგნების წარმოებითა და გაყიდვით მსოფლიო ლიდერად იქცეოდა. 1984 წელს არნოს ყურადღება მიიპყრო ახალგაკოტრებულმა ტექსტილის კონგლომერატმა Boussac – მა რომელიც სამოდელო სახლ Christian Dior -საც ფლობდა. არნომ აქციები შეიძინა ისე, რომ ტექსტილის დიდი არაფერი გაეგებოდა.

,,ნიუიორკელ ტაქსისტს საფრანგეთის პრეზიდენტის სახელი, რომ ჰკითხო ვერ გიპასუხებს, სამაგიეროდ უეჭველად ეცოდინება Christian Dior – ი. რომელიც ეიფელის კოშკის მსგავსად, მისთვის, საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს” – ასე ახსნა არნომ ცნობილი ბრენდისადმი თავისი ინტერესი.

არნომ დაისაკუთრა სამოდელო სახლები: Dior -ი, Givanchy, Selin -ი, Lacroix-ი, Kenzo, მაღაზიები: Fank et Fils– ი და le Bon Marche; ოთხსაუკუნოვანი ისტორიის ვენახი Chateau dYquem-ი; ფირმა Guerlain-ი და ცნობილი საპარფიუმერიო ბუტიკი Sefora-ს ქსელი; პოპულარული ალკოჰოლური სასმელების კომპანიები: კონიაკი Hennessy და შამპანურები: Moët & Chandon-ი, Dom Perignon-ი, Veuve Clicquot-ი; სააუქციონერო ფირმა Philips-ი, ასევე არნო ჰოლდინგ LVMH – ის მფლობელია.

ბერნარ არნო ერთ-ერთი პირველი მიხვდა, რომ ესა თუ ის ნივთი, რაც არ უნდა ელიტური ყოფილიყო, მომგებიანი ვერ გახდებოდა თუ კი არ მოიძებნებოდა მისი გაყიდვის სტრატეგია. ბრენდებით მომხმარებელთა მცირე ნაწილი ინტერესდებოდა, რის გამოც არნომ გადაწყვიტა, რომ ძვირადღირებული ბრენდები საშუალო ფენისთვისაც გაეხადა ხელმისაწვდომი.

მალე LVMH – ის პროდუქციის შეძენა მთელი მსოფლიოს მაშტაბით დაიწყეს.