ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. ასეთ დღეებში განსაკუთრებული სიმრავლე წმიდანის სახელობის ტაძრებში შეიმჩნევა. ბარბარობის დღესასწაულს ზოგჯერ “ბარბალობას” უწოდებენ.

ბარბარობა 

ბარბარობა — ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული.  ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად, ეს დღესასწაული იმართებოდა 4 დეკემბერს (ძველი სტილით) და 17 დეკემბერს (ახალი სტილით).

ქრისტიანული ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ბაალბექს, ფრიგიას. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევროპის კათოლიკურ ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს წირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რომელთაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ.

ბარბარობა ქართველების ერთ-ერთი უძველეს საახალწლო დღესასწაულად ითვლება. ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას, რომლის ატრიბუტებს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემები (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირვინი და სხვა). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება.

ბარბარობასთან დაკავშირებული იყო სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვა. ბარბარობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალი იყო – მეკვლეობა. ეს რიტუალი დღესაც აქტუალურია და გამოიხატება მეკვლის (მეფეხის) მიერ კარმიდამოში ან ოჯახში მარცვლეულის მობნევის სახით. დროთა განმავლობაში მეკვლეობამ კვლის გამვლების თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ „ფეხბედნიერი“ მომლოცველის ანუ „მეფეხის“ მნიშვნელობით შემორჩა.

ლეგენდა წმიდა დიდმოწამე ბარბარეს შესახებ

წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა.

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის.

ამჟამად წმიდა ნაწილები ასვენია ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

ვიკიპედია ბარბარობის შესახებ

წყაროwww.sazogadoeba.ge
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).