პროფესიის ზოგადი დახასიათება

აუდიტორის პროფესიას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დამოუკიდებელი აუდიტორები გამოჩნდენენ ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში, ევროპის აქციონერულ კომპანიებში. პროფესიის წარმოშობა განაპირობა კომპანიის დამფუძნებლების, ასევე აქციონერების ინტერესმა, ფირმის მმართველებისა და ბუღალტრებისაგან დამოუკიდებლად შეემოწმებინათ ფირმის საქმიანობა.

აუდიტის ისტორიულ ქვეყნად ითვლება დიდი ბრიტანეთი, სადაც 1844 წელს გამოვიდა კანონთა კრებული კომპანიების შესახებ. ამ კრებულის თანახმად, სააქციო კომპანიების მმართველები ვალდებულები იყვნენ წელიწადში ერთხელ მოეწვიათ კერძო აუდიტორი, რომელიც კომპანიის ადმინისტრაციისაგან დამოუკიდებლად შეამოწმებდა ამ კომპანიის ფინანსურ, ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვას. კერძო აუდიტორს ევალებოდა ფირმის საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარება ამ ფირმის აქციონერებისათვის.

აუდიტორის საქმიანობა იყოფა შიდა და გარე აუდიტად.

  1. შიდა აუდიტის შემთხვევაში ფირმა თვითონ ამოწმებს საკუთარ საბუღალტრო, საფინანსო და საგადასახადო აღრიცხვის სისწორეს;
  2. გარე აუდიტი გულისხმობს ფირმის საბუღალტრო, საფინანსო და საგადასახადო აღრიცხვის სისწორის შემოწმებას დამოუკიდებელი, ლიცენზირებული აუდიტორის მიერ.

აუდიტორის ასისტენტი არის პირი, რომელიც ეხმარება აუდიტორს ფირმის  ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვიანობის შეფასებაში. აუდიტორის ასისტენტად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.

აუდიტორის ასისტენტს მოეთხოვება უფრო მეტი ცოდნა ფირმის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ, ვიდრე ბუღალტერს და უფრო ნაკლები გამოცდილება ვიდრე აუდიტორს. მაგალითად, აუდიტორის ასისტენტმა, ბუღალტრისაგან განსხვავებით, საგადასახადო კოდექსის გარდა, უნდა იცოდეს ასევე შრომის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი და მეწარმეთა შესახებ კანონი, ხოლო აუდიტორისაგან განსხვავებით, მას არ მოეთხოვება ბაკალავრის დიპლომი, სამუშაო გამოცდილება (სტაჟი) და აუდიტორის ლიცენზია.

მოვალეობები

  • ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების ინტერპრეტაცია და შეფასება;
  • პირველადი სააღიცხვო და საგადასახადო დოკუმენტების ინტერპრეტაცია და შეფასება;
  • საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა, სამეურნეო ოპერაციების ინტერპრეტაცია და შეფასება;
  • სპეციფიკის გათვალისწინებით ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებისათვის ოპტიმალური მეთოდების შერჩევა;
  • საგადასახადო დავების წარმოებისათვის სათანადო მასალების მომზადება და ანგარიშის წარდგენა.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • აუდიტორულ ფირმაში აუდიტორის ასისტენტად;
  • კერძო და საჯარო დაწესებულებების შიდა აუდიტის, საფინანსო და საბუღალტრო განყოფილებებში.

შრომის საშუალო ანაზღაურება

800-1000 ლარიდან, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები

წყაროWWW.EQE.GOV.GE
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).